არ ვისწავლეთ შეცდომებზე. ვაკეთებთ იმავეს, რასაც შარშან, ოღონდ უარეს ფორმებში – გიორგი ფხაკაძე
05/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
„მე მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს. ბავშვობიდან დედაჩემმა მასწავლა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“. ახლა საქართველო „პოტიომკინის სოფელივითაა“, ვცხოვრობთ დეკორაციის ქვეყანაში.
ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო პიროვნებების დასახელებისგან, განსაკუთრებით, როცა კოლეგებზეა საუბარი, მაგრამ მოთმინების ფიალა უკვე გადაივსო. ერთი, ორი, ხუთი შეცდომა… კარგი, მაგრამ მეასე?! კარგით, რა.
დავიწყოთ ვაქცინებით – რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სისტემაში არის უნიათობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია… ამას ემატება ისიც,რომ არჩევნები მოდის. არჩევნების გამო ვწირავთ ქვეყანას.
გაგახსენებთ შარშანდელსაც. მე პირველი ვიყავი, ვინც ვამბობდი, არ ჩაატაროთ არჩევნები, ან გადადეთ იმ დროისთვის, როცა ვირუსის ტალღა შესუსტებული იქნება-თქო. ვინ დამიჯერა?! შედეგად – ნოემბერში ყოველდღე 50 ოჯახში სიკვდილი შედიოდა.
არ ვისწავლეთ შეცდომებზე. წელსაც არჩევნებია. ვაკეთებთ იმავეს, რასაც შარშან, ოღონდ უარეს ფორმებში. ხდება წინასაარჩევნოდ ხალხის მობილიზაცია, შეხვედრები – ისე იქცევიან, თითქოს ვირუსი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ამის ფასს გადავიხდით.
ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინა ჩამოტანილი არ იყო. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტის გზით. მსოფლიოში ყველა მეცნიერი ამბობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არ მუშაობს. ჩვენ ყველაფერს ისე უკუღმა ვაკეთებთ, შეიძლება, ქართული შტამიც მივიღოთ. ჩვენსავით არც ერთი ქვეყანა არ იქცევა.
საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული დაწესებულება არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ის ეწევა საბოტაჟს და აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდეს.
პირველივე დღიდან, რაც გააკეთა, იყო არაპროფესიონალიზმის პიკი. სუს-ი რას აკეთებს? დაანებეთ ყველამ თავი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაცვას. ნუ გგონიათ, ისინი რომ არ იყვნენ, ქვეყანა დაიქცევა.
რატომ არის NCDC აუღებელი ციხე-სიმაგრე?! უამრავი შეცდომა დაუშვეს და მხოლოდ ახლა შევიდა აუდიტი. აქამდე უნდა შესულიყო! ვაქცინაციის კამპანია არ წარმოებს, 22 სხვადასხვა „სოფტია“შექმნილი და ვაქცინაციაზე დაცული სოფტი ვერ გააკეთეს.
ან ის რას ნიშნავს, NCDC-ის ხელმძღვანელი რომ გამოდის და აცხადებს, სანამ ხალხი არ იტყვის, არ წავალო?! ეს არჩევითი თანამდებობაა?! მაშინ, როგორც ამერიკაშია შერიფის არჩევა, ჩვენთანაც შემოვიღოთ წესად და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც და ჯანდაცვის მინისტრიც ავირჩიოთ. არ ვარ წინააღმდეგი.
ან ბატონი თენგიზ ცერცვაძის განცხადება რას ნიშნავს?! – „ფაიზერი“ „მერსედესიაო“?! ცერცვაძე „ფაიზერითაა“ აცრილი. დიდი ბოდიში, ბატონო თენგიზ, მაგრამ თავად რომ “ფაიზერით“ აიცერით, სხვას იმავეს რატომ არ ურჩევთ?!
ბატონი ცერცვაძე უფროსი კოლეგაა და პატივს ვცემ,მაგრამ ნათელია,რომ ის გახდა პოლიტიკური ფიგურა, ოცნების სპიკერია ჯანდაცვის კუთხით. ძალიან მენანება,რომ ჯანდაცვის სფეროში ასეთი გამოცდილი ექსპერტი პოლიტიკაში გადავიდა.
ვიმეორებ – გიორგი ფხაკაძე წინააღმდეგია ყველა არაეფექტური ვაქცინის. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ძლიერი ვაქცინები: „ფაიზერი“ და „მოდერნა“. სხვათა შორის, ამ ჩინურ, „პლაცებო“ვაქცინებში „ფაიზერზე“ ძვირს ვიხდით.
არ დაგავიწყდეთ, „დელტა“ ვირუსი საქართველოში უკვე არა სექტემბერში, არამედ აგვისტოს დასაწყისში დომინანტი იქნება. ამ ხალხმა ეს ჩემზე უკეთესად იცის, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, როგორც იქცევიან. რა გააკეთეთ პანდემიისას ამ წელიწადნახევარში,რომ მომზადებულიყავით?
პირდაპირ გეტყვით – მე მყავს ბევრი მეგობარი და არის საშუალება, საქართველოში „ფაიზერი“ ჩამოვიტანოთ, მაგრამ მთავრობამ თქვა, ჩინური უკვე ჩამოვიტანეთ, „ფაიზერი“ რაღად გვინდა, მერე ეგეც ჩამოგვივაო.
ამ ჩინურ ვაქცინებზე ვიღაც შუამავლებმა ფული ხომ გააკეთეს, მე გეტყვით, რა უნდა ვუყოთ ახლა ამ ვაქცინებს. გავაკეთოთ ვაქცინაციის ტურიზმი – შევთავაზოთ მსოფლიოს, რომ აეროპორტში ვიზიტორებისთვის ვაკეთებთ უფასო ვაქცინაციას. დამიჯერეთ, ქვეყანაში ტურიზმის ბუმი იქნება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვერაფერი მოაგვარა. ბოლოსდაბოლოს 10 000 დოლარი ჯდება კარგი უცხოელი ექსპერტის დაქირავება, რომელიც დაგეგმავდა კარგ საკომუნიკაციო კამპანიას, მოსახლეობასთან სწორად მიიტანდა ინფორმაციას.
უნდა იყოს ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა. მივმართავ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, უნდა გამოიყენოთ კომუნიკაციის ყველა საშუალება: ტელეფონი, ფეისბუქი, ინსტრაგრამი სოცქსელები, ყველაფერი, სადაც ადამიანები არიან და არა, სადაც თქვენ ხართ. საქართველოში „ტვიტერით“ თითქმის არავინ სარგებლობს. უნდა უზრუნველყოთ ყველა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის მოცვა. ადამიანებს ვაქცინებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ.
არ მინდა, ღრმად წავიდე, მოკლედ ვიტყვი – ინტერესთა კონფლიქტია დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და საავადმყოფოებს შორის.
არის თუ არა NCDC-ის ვალდებულება საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი?! სად არის აღსრულება?! რატომ არ არის კარანტინის სისტემა?! რატომ არ ხდება შემოწმებები ისე,როგორც საჭიროა?! აჰა, NCDC-ის ხელმძღვანელის შვილსა აქვს საავადმყოფოები ქვეყანაში და საკუთარ შვილს არ აჯარიმებს?! შესაბამისად, სხვებსაც არ აჯარიმებენ, რადგან ამ შემთხვევაში ჯერ საკუთარი შვილი უნდა დააჯარიმოს.
ნოემბრიდან დავიწყე კამპანია და ხალხთან ერთად მივაღწიე იმას, რომ საქართველოში ხარისხიანი სამედიცინო პირბადეები ხელმისწავდომ, დაბალ ფასად გვაქვს. NCDC-მა რატომ არ გააკეთა ეს? იმიტომ ხომ არა, რომ ვიღაცას საავადმყოფოების და აფთიაქების ქსელი აქვს და ფულს წააგებს?
მივმართავ NCDC-ის – რამეს თუ არასწორს ვამბობ, ჩემს ბრალდებებზე პუნქტობრივად მიპასუხეთ. ალბათ, თქვენ გაწყობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მოხვდნენ საავადმყოფოებში და კლინიკები სავსე იყოს, იმიტომ, რომ კოვიდამდე საავადმყოფოების დატვირთვა იყო 45%, კოვიდის დროს – 95%-ია. ვინ არის მოგებული?!
არ გინდათ ჩინური ვაქცინების პროპაგანდა. მე არ ვიცი, რა კორუფციულ სქემებში ხართ გარეული, მე არ ვარ ანტიკორუფციული სამსახური. მე მაინტერესებს აუდიტის სამსახურის აპსუხი, ვინ არის პასუხისმგებელი ვაქცინების დაკარგვაზე, არასწორ მენეჯმენტზე და ა.შ. ასევე, რატომ არ აამუშავეს ელექტრონული ჯანდაცვა, მაშინ, როცა 22 „სოფტია“ უამრავი „სტაფით“ და ფინანსებით. წველიან სახელმწიფო ბიუჯეტს.
„რემდესივირის“ არ იყოს. თქვა გარკვევით ჯანმომ, რომ ეს არ არის ეფექტური კოვიდსაწინააღმდეგო საშუალება, მაინც ჩამოაქვთ. ეს საექსპერიმენტო წამალია. ამ დროს კი, ყველა კვლევაგავლილი ვაქცინა არ ჩამოგვაქვს.
ბოლოს – დაავადებათა კონტროლის ცენტრში ბევრს ვიცნობ, ბევრი პროფესიონალია,მაგრამ მენეჯმენტი ჩაფლავდა. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, გადადგეს NCDC-ის მენეჯმენტი.
ან ის რა უბედურებაა, „ფაიზერი“ რომ „მერსედესს“ შეადარეს. არა, ფაიზერი არ არის მერსედესი, ის არის მანქანა, მათ კი ჩინური ვაქცინების სახით „ურიკა“ ჩამოიტანეს.
მეგობრებო, მოითხოვეთ „ფაიზერი“. თავი დაანებონ ჯარს, პოლიციას, ექიმებს, მასწავლებლებს. თუ სთავაზობენ, უნდა შესთავაზონ მაღალეფექტური, საუკეთესო ვაქცინა. ოქროც უნდა გაყიდონ, სხვა რამეც, ოღონდ გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და კარგი მედიკამენტი ჩამოიტანონ. 200 მილიონი დოლარია საჭირო საამისოდ, პანდემიისთვის კი 10 მილიარდი გაუგებრად შეჭმულია.
მეგობრებო, „ფაიზერი“ – ეს არ არის ფუფუნება, ხარისხიანი ვაქცინა, ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება., მოითხოვეთ კარგი ვაქცინა. თუ ქვეყანაში კარგი ვაქცინა არ არის, თქვენი უფლებაა, თქვათ არა!
იმედია, არჩევნების შემდეგ დაიდება რეალური სტატისტიკა, რამდენია ინფიცირებული და რამდენი გარდაიცვალა. ტყუილებით დავიღალეთ.
ყველაფერი ისეა მიშვებული, ქვეყანაში ვირუსის აფეთქება იქნება აგვისტოში. მესამე ტალღა ჯერჯერობით არ დამთავრებულა და პრაქტიკულად უკვე მეოთხე ტალღისკენ მივდივართ. ალბათ, ეს ვიღაცას აწყობს. დრო გავა და ყველას მოეკითხება.
ყველას მოგმართავთ, გამოიყენეთ პირბადე. ახლა მხოლოდ საარჩევნო დაპირებებზე არიან გადასული. დაპირებებით ვირუსს ვერ გააჩერებთ. ვირუსს გააჩერებთ ან სამედიცინო პირბადით, ან მაღალეფექტური ვაქცინებით.
სექტემბრიდან ევროპის რეგიონში „ფაიზერის“ დეფიციტი აღარ იქნება. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ დღესაც შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ ფაიზერის ვაქცინა, მაგრამ ჩვენი მთავრობა ფიქრობს, რომ ეს არ არის აუცილებელი.
მეგობრებო, მოითხოვეთ ეფექტური ვაქცინა, მოითხოვეთ „ფაიზერი“, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil