top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე – „ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს”

07/10/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.


ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ სერვისს კერძო კომპანიები აწვდიან. ვინ ახორციელებს ამ კერძო კომპანიების ხარისხის კონტროლს?! – არავინ!

მოლოდინი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითრეგულირებაზე გადავლენ, საკუთარი ნებით გაივლიან აკრედიტაციას, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ – უტოპიაა, რადგან ეს არავის აინტერესებს.


ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ჯანდაცვის სფეროში რეგულირება უნდა იყოს უფრო ძლიერი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ლიბერალიზმმა ეფექტურობა არ აჩვენა.


რეალობა ისაა, რომ კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, ეწევა ეკონომიას, რომ შეიძინოს შედარებით იაფი სამედიცინო სახარჯი მასალები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.


პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა არანაირ ინტერესს არ ავლეს, რომ საკუთარი ხარისხის დემონსტრირება მოახდინოს.


ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი. ჯანდაცვის ხარისხს განსაზღვრავს ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება, ადეკვატურად კალიბრირებული ხარისხიანი აპარატურა, ხარისხიანი სამედიცინო სახარჯი მასალები, მედპერსონალის ადეკვატური ანაზღაურება და ა.შ...


საქართველოდან სამკურნალოდ ხალხი თურქეთში, ისრაელში და ევროპაში მიდის, ექთნები და სანიტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გარბიან – რა ჯანდაცვის სისტემის არსებობაზე ვსაუბრობთ?!


სოციალურ ქსელში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თხოვნას, რომ ამა თუ იმ ადამიანის მკურნალობისთვის თანხაა შესაგროვებელი. ფონდის შექმნა არ არის გამოსავალი. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სახელმწიფომ მიხედოს თავის მოქალაქეს, როცა მას დახმარება სჭირდება.


დავუბრუნდები შიდა პრობლემებს. საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა, სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები პრაქტიკულად უკონტროლოა.

სანამ ქვეყანა არ აამოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემას, არაფერი გვეშველება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან არააფილირებული ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ობიექტურ შეფასებას. ეს სჭირდება ყველას და ამიტომ ხალხმა უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება.


გავაკეთე სამედიცინო აკრედიტაციის სისტემა, შევთავაზე – დუმილი. კი, ბატონო, ჩემი არ გინდათ, სხვაგან გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ!

ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ გამოგადგებათ. მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. პოლიტიკა კომპრომისებზე დგას. მე შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე წავიდე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც კომპრომისი არ არსებობს.


საშიშია ის, რაც საქართველოს ჯანდაცვაში ხდება. ეს არის „გზა არსაით“. სამწუხაროა, რომ გიორგი ფხაკაძე ეხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, მაგრამ საქართველოში ფხაკაძე არავის სჭირდება, აქ ხომ „ყველაფერი იციან“.


ჩვენ გვჭირდება არა ათასი რაღაცის გაერთიანებული, არამედ ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტდება და იქნება პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი.


პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ. როგორც ომბუდსმენს ირჩევენ 5 წლის ვადით, ასევე უნდა მოხდეს ჯანდაცვის მინისტრს არჩევა. ჯანდაცვის მინისტრს უნდა მიეცეს მანდატი, რომ განახორციელოს რეალურად საჭირო რეფორმები, რომელიც შეიძლება, ზოგიერთებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს.


ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული ადამიანი. მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც შესაძლოა, არაკომფორტული და არაპოპულარული იყოს გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ მინისტრს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეძლებს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას და არ იქნება დამოკიდებული მთავრობის შეცვლაზე.


მინისტრის არჩევისას მან უნდა წარადგინოს მკაფიო საპროგრამო გეგმა, რას გააკეთებს ამ 5 წელიწადში. მისი არჩევა ამ პროგრამის მიხედვით უნდა მოხდეს და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური კონიუქტურისგან, რომ რეალური რეფორმის განხორციელება შეძლოს.


კოსმეტიკური რეფორმები საქმეს არ შველის. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ რევოლუციას ვერ მოახდენს. აქვე ვიტყვი, ჯანდაცვის მინისტრი ვერ უნდა ჩაერიოს რომელიმე დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭების საქმეში.


ჩემი ამოცანა და დღის წესრიგია, რაც შეიძლება, ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ უცხოეთში და ადგილზე გვექნეს იმავე ხარისხის ჯანდაცვა, რაც მოწინავე სახელმწიფოებს აქვთ.


სამოქმედო პროგრამა მარტივია: გამართული პირველადი ჯანდაცვა; ყველა სამედიცინო დაწესებულება პასუხობდეს მინიმალურ სტანდარტებს; ის ნოზოლოგიები, რასაც კარგად ვმკურნალობთ, გავაუმჯობესოთ; ყოველწლიურად დავნერგოთ რამდენიმე ნოზოლოგიის ახალ-ახალი მკურნალობა, ოღონდ უმაღლესი სტანდარტებით. დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანს არ დასჭირდება უცხოეთში წასვლა, ადგილზე შეძლებს მკურნალობას.


ეს არის ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა, გადაიღეთ, იმოქმედეთ, მე ჩემთვის არ გთხოვთ.


ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება! ამის გაგება და დანერგვა უნდა მოხდეს! ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის უპირველესი ლოზუნგი და ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page