top of page

ეს მხოლოდ დასაწყისია, ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევით გაიზრდება – ჯანდაცვის

17/10/2020

ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას მძიმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.


როგორც მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პიკური დრო ნოემბრის ბოლოს იქნება.

გიორგი ფხაკაძე: მეცნიერებაზე დაფუძნებული ციფრები გვეუბნება, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში დაიწყება, იანვარში პიკი იქნება, იანვრის შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. მესამე ტალღა აპრილ-მაისში გვექნება.

– ბატონო გიორგი, დღეს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ინდოეთის მონაცემზე 3-ჯერ მეტია. თქვენი შეფასებით, რამდენად რთულია საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია?

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე რთული თვე იქნება ნოემბრის ბოლოს, ეს იქნება ძალიან მძიმე დრო. ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევებით გაიზრდება. ყველაზე საშიში არის სიკვდილიანობა, რომელიც რამოდენიმე კვირაში გაიზრდება. ჩვენ უკვე ერთ კვირაში დავინახავთ კორონავირუსით ინფიცირებულების მომატების შედეგს.

– რამდენად მაღალი იქნება სიკვდილიანობის ზრდა?

– დინამიკას რომ შევხედოთ, ალბათ, ჩვენ ერთ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. თუ არ შეჩერდა ინფიცირებულთა ზრდა, სიკვდილობაც გაიზრდება. თანაც, მთავარია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი გვეყოლება. რამდენი იქნება, ეს კალკულაციის საკითხია.

– ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე პატარა ტალღა აპრილ-მაისში იქნება. რა გაძლევთ აღნიშნულის თქმის საფუძველს?

– გადახედეთ ესპანური გრიპის დროინდელ 1918-19 წლის რუკებს, ჩვენ ამ რუკას მივყვებით. იქაც აპრილ-მაისში იყო პატარა ტალღასავით. საქართველოშ მესამე ტალღა ძლიერი არ იქნება, რადგან სამედიცინო კუთხით უფრო მობილიზებულები ვიქნებით.

– თქვენი ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის ალბათობა 6%-ია – რატომ ფიქრობთ ასე?

– ეს ჩემი სტატისტიკა არ არის. ეს არის გლობალურად ცნობილი სტატისტიკა. ნებისმიერი ვაქცინის შემუშავებას ერთი მილიარდიდან ხუთ მილიარდამდე თანხმა სჭირდება. რაც შეეხება დროს – საშუალოდ ორი წლიდან ხუთ წლამდე. ვაქცინების 94% არ მტკიცდება, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ დებენ ფულს ვაქცინებში. ვაქცინა იქნება, მაგრამ როდის, არავინ ვიცით.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, არის თუ არა საჭირო ქვეყანაში უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება?

– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარანტინი არ შემოვიღოთ, მაგრამ როცა შენ არ ხარ მზად ჯანდაცვის კუთხით, რომ შენს მოსახლეობას დაეხმარო, მაშინ სხვა გზა არ გაქვს. თუ თქვენ არ გაქვთ რეანიმაციული საწოლების საკმარისი რაოდენობა, მაშინ კეტავთ ქალაქსა და მერე ქვეყანას.

– საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის ფონზე, უნდა განხორციელდეს შეზღუდვა, რომელზეც თქვენ მიუთიეთ?

– რა თქმა უნდა, სხვა გზა არა გვაქვს. ერთადერთი გზა არის ის, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. პირბადის სწორი ტარება, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა არის ამჟამად გამოსავალი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შევამციროთ. პარიზში სახლიდან რომ გამოხვიდეთ, თუ პირბადე არა გაქვთ,135 ევროთი დაგაჯარიმებენ. საქართველოში რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები ძალიან მაღალი უნდა იყოს.

დამთავრდეს ტკბილი ლაპარაკი, აქ არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე. რეალურად, საქართველოში არის კოვიდპაციენტებისთვის კარგი 500 რეანიმაციული საწოლი. ქვეყანა ვერ გაქაჩავს. ნახავთ, ქვეყანაში ორ კვირაში, რა მდგომარეობა იქნება.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, 31 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს?

– ვფიქრობ, რომ არჩევნების ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და წინსვლისთვის. არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ შეზღუდვებით. ყველას მოგიწოდეთ, დაიცავით რეგულაციები, არ წახვიდეთ კლინიკებში, რადგან იქ დაინფიცირების შანსი ძალიან მაღალია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page