top of page

თუკი ქვეყანაში ჩაკეტვის საჭიროება დგას, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის

10.09.2020 Rustavi2

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერი" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა შედარებით ადრე დაიწყო, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ.


მან, ასევე, ისაუბრა ვაქცინაზე და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ვაქცინის დამზადებას სჭირდება დრო, მინიმუმ, 18 თვე.


"როცა ვაქცინა გადადის ბოლო სტადიაზე, მხოლოდ 10% არის ვარგისიანი. ეს ნიშნავს, რომ თუ ვაქცინის 10 კანდიდატია, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს კარგი ვაქცინა. ზუსტად ასტრაზენეკას ვაქცინამ გვაჩვენა ის, რასაც მე ვამბობდი 5 თვის უკან, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის უკან, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.


ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, არაფერი არ ვიცით. არის ძალიან ბევრი ვარაუდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცით, როგორ მუშაობს ეს ვირუსი. ეს არის რეალობა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ არის ერთი პაციენტი ჰონკონგიდან და ერთი ამერიკიდან, რომლებიც ხელახლა დაინფიცირდნენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიონი დაინფიცირდა, მაგრამ განმეორების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა და ესეც ბევრ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, ვაქცინა როგორი ეფექტური იქნება.


როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვაქცინაზე, რომ გინდა თუ არა ხვალ ან ზეგ იქნება, ის არ იქნება ხვალ და ზეგ, მას სჭირდება დრო. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება უფრო დიდი ზიანი მოიტანოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაქცინას სჭირდება 18 თვე. შეიძლება 1-2 თვე მოვიგოთ, მაგრამ არ შეიძლება, რადგან ადამიანის ორგანიზმი ვერ იტანს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით, როცა საუბარია ჯანმრთელობაზე. ყველაზე მთავარია, რომ წამალი უნდა იყოს უსაფრთხო.


დადასტურებული 2 პაციენტი იყო, რომელიც განიკურნა აბსოლუტურად და ხელახლა დაინფიცირდა, კვლევა მიმდინარეობს. ეს არ არის მაჩვენებელი, რომ ყველაფერი კარგად ან ცუდად არის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალური შესწავლაა საჭირო,"-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მან აღნიშნა, რომ მეორე ტალღას ის ქვეყნები ხვდებიან შედარებით მშვიდათ, ვისი ჯანდაცვის სისტემაც მზად არის და განაცხადა, რომ თუკი ქვეყანაში ქალაქების ჩაკეტვის საჭიროება დგას, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/175157

Post: Blog2_Post
bottom of page