top of page

“თუ უნდათ დამბლოკონ, მაინც ვიტყვი სიმართლეს ჩინურ ვაქცინაზე…” – ვინ და როგორ შეაჩერა ქვეყანაში...

23/06/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:


ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო და ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!


ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, რომ აგვისტოს ბოლოს, შეიძლება, უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.


„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.


მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.


მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. როცა ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი.


ერთადერთი სისტემა, რა ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს.


რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას – აზრი არა აქვს ხან გახსნას და ხან ჩაკეტვას, უნდა იყოს სტრატეგია, რას და რატომ ვაკეთებთ.


იგივე ეხება ვაქცინაციას. ჯერ კიდევ ნოემბრიდან ვყვიროდი, გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა-მეთქი. მიხვდით ხომ ივნისში, რატომ გვჭირდებოდა?! ელექტრონული ჯანდაცვა – ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ფიქსირდება, სად რამდენი ვაქცინაა, რამდენი პაციენტია და ნათლად ჩანს, რამდენია საჭიროება.


10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არაა ამუშავებული?! საქართველომ შემდეგ კიდევ 17 მილიონი დახარჯა და ახლა ჯანდაცვაში გვაქვს არა ერთიანი, არამედ ცალ-ცალკე 22 ელექტრონული ბაზა, რომლებიც ერთმანეთს „არ ელაპარაკებიან“, თავისი „სტაფით“ და ხარჯებით. ექიმებს კი პაციენტების მკურნალობის დრო არ რჩებათ, თითქმის მთელ დროს ამ უაზრო ფორმების შევსებას ანდომებენ. რატომ?! იმიტომ, რომ ამ ბაზებით ვიღაცა ფულს აკეთებს!


ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.


ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.


პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი.


J საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. თუ ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.


გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“ J. მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.


გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით.


რაც შეეხება ვაქცინებს – საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია. ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონული ჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!


პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა.

ვაქცინაციის ჩავარდნას რაც შეეხება – რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ ვაქცინაციის პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩვენთან თითქოს ყველა პასუხისმგებელია და სინამდვილეში – არავინ. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“, რომელმაც საქართველოს თანხა გამოუყო ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად. 82-მა ინკოგნიტო ექსპერტმა „ვაქცინაციის გეგმა“ რომ დაწერა, გასაგებია, ფული გააკეთეს, მაგრამ შედეგი?! გეგმა კი არა, სადღეგრძელოა.

იცით, რაზე ვგიჟდები?! საქართველოში მაინც ყველაფერი გასდით. ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს ჭკუას გვარიგებენ. როცა სათავეში იყავით, რატომ არ აამუშავეთ ელექტრონული ჯანდაცვა, რომელიც აშშ-ის დახმარებით გაკეთდა?!


შევაჯამოთ – ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.

ჩინურ ვაქცინებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩინური ვაქცინები არის „პლაცებო“. თუ უნდათ, დამბლოკონ, ტყუილს ვერ ვიტყვი, მე დამოუკიდებელი ვარ და სიმართლეს ვლაპარაკობ. ამის გამო ზოგჯერ ფინანსურად კარგ კონტრაქტებზეც უარს ვამბობ.

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ.

სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო.

რაც შეეხება მედიას – ყველა ტელევიზია მეტნაკლებად მიკერძოებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ყველას, ასევე ყველა გაზეთს და სააგენტოს ვაძლევ კომენტარს, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა.


ყველა მედიასაშუალებასთან ვთანამშრომლობ. იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ გიორგი ფხაკაძის მოსაზრება მათი აუდიტორიისთვის საინტერესოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა პუბლიკაციას და სიუჟეტს ვეთანხმები, მაგრამ ყველასთვის ღია ვარ, დამირეკეთ, გიპასუხებთ.


ჟურნალისტების პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ინფორმაციულად ჭურში კი არა, გამოქვაბულში ვიქნებოდით.


მივუბრუნდეთ ვაქცინებს – ევროპაში ვისაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ აქვს გაკეთებული, მეორეს „ფაიზერს“ უკეთებენ.


ჩემი რეკომენდაცია – თუ გაიკეთეთ ვაქცინის პირველი დოზა, მეორეც აუცილებლად გაიკეთეთ. თუ იმავე ვაქცინის მეორე დოზა გაწყდა, როგორც, მაგალითად, ახლა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია, მეორე დოზად მოითხოვეთ მხოლოდ „ფაიზერი“!

„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც მოსათხოვია, იმას არ ითხოვთ. პარლამენტში სისულელეებზე ლაპარაკობენ, ამოვარდნილი არიან რეალობიდან. ქვეყანაში მოითხოვეთ “ფაიზერი“, ესაა პრობლემა!

კარგი ამბავი – დღეს ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმოებაზე ნებართვა მისცა დამატებით 2 ქარხანას (გერმანიაში და შვეიცარიაში).ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმადობა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო ევროკავშირის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც.


საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა მიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს. ჩვენ რას ვაკეთებთ?! „რემდესივირი“ და ჩინური ვაქცინები შემოგვაქვს. ეს მავნებლობაა.


ახლა ჩვენი დიპლომატიის და ყველა სტრუქტურის მთავარი ამოცანა უნდა იყოს – ვიშოვოთ რაც შეიძლება, მეტი „ფაიზერი“. ევროპელები როცა ჩამოდიან, ან როცა ჩვენი დელეგაციები მიდიან ვიზიტებზე ევროპაში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უნდა იყოს, გვაშოვნინეთ „ფაიზერი“!

ხრიკს გასწავლით – არჩევნები მოდის, მოითხოვეთ „ფაიზერი“, უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“. გავაკეთოთ ასე, თუ არადა იმ არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ.

გავიმეორებ – დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით – მაღალეფექტური ვაქცინებია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. დანარჩენი დაბალეფექტური ვაქცინები არ არიან ქმედითნი ინდური შტამის წინააღმდეგ.


რა ხდება მსოფლიოში? – რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების 96% ინდურ შტამზე მოდის, კატასტროფაა. ბრიტანეთი მთლიანადაა დაკეტილი. ისრაელშიც უკვე ფიქრობენ, შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ხელახლა შემოიღონ.


საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე – გამოიყენეთ!


ამდენს ვლაპარაკობ – რამდენი ადამიანი გავაბრაზე, ბიზნესები გადავიმტერე, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინე, ჩემი დღე რომ დადგება „ზევით“, ჩამეთვლება.


მე ასევე პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ცერცვაძემ თქვა, „ფაიზერით“ ავიცერი, რადგანაც მძიმე დაავადება მაქვსო. შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ბებო მარო ხულოდან, რომელსაც, ვთქვათ, დიაბეტი და გულის პრობლემები აქვს, რატომ არ უნდა აიცრას „ფაიზერით“?!

„ხალხისთვის ყველაფერი წავა“ – ასე მიდგომა არ შეიძლება.

რჩევა მეგობრებისთვის – გაიკეთეთ მხოლოდ კარგი ვაქცინა. არ არის?! – მოითხოვეთ. არ გინდათ ვაქცინის გაკეთება? ალტერნატივა – გაიკეთეთ „ფხაკაძის პირბადე“.

გარეთ როცა ბევრი ხალხია, ატარე პირბადე ისე, როგორც დახურულ სივრცეში.

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით – 10 000 ნაბიჯი დღეში, სიგარეტი და ყველანაირი მოსაწევი გადააგდეთ, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, შაქარი ხმარებიდან ამოიღეთ. იარეთ ჰაერზე, კარგია დე ვიტამინი, მაგრამ მზეზე ზედმეტად არ გაირუჯოთ, მავნებელია. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, იყავით კარგ ხასიათზე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page