top of page

“კოვიდუსაფრთხო ნაშებიო” – მეცნიერულად, ეს ცოტა გაგვიჭირდება… რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ...

06/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


ვისაუბრებ რამდენიმე საკითხზე – დავიწყოთ ვაქცინებით.


1. ბევრი მეკითხება, გაიკეთოს თუ არა ჩინური ვაქცინა და მწერენ, რომ უკვე დარეგისტრირდნენ. ხალხო, თუ უკვე დარეგისტრირდით და გადაწყვეტილება მიიღეთ, მაშინ გაიკეთეთ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მე ვერ გადაგიწყვეტთ, გაიკეთოთ თუ არა ჩინური ვაქცინა, ყველაფერს აქვს პლიუსი და მინუსი.


2. ვაქცინაციის თუ გეშინიათ და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძირითადად, 99%-ში ცუდი არაფერი მოხდება, რომც რაიმე გართულდეს, წესით, იქვე იქნება მომზადებული მედპერსონალი და ისინი უნდა დაგეხმაროთ.


3. ასევე გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს – არც ვაქცინაციამდე და არც შემდეგ არანაირი ტესტების გაკეთება არ არის საჭირო, თუ საამისოდ ექიმის განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ.


4. მე ფაიზერით ვიცრები, არც „ფაიზერის“ ხაჭაპურია ბოლომდე გამომცხვარი, მაგრამ რისკები არის ძალიან დაბალი, დაცულობა კი მაღალია.


მაგალითად, მე რომ გავიკეთებ „ფაიზერს“ ივნისში, მეორე დოზას გავიკეთებ ივლისში. ვალიდურობა იქნება პირველი დოზიდან 6 თვე. 2 დოზის შემდეგ ვიქნები მე თვითონ დაცული და ყველაზე მთავარი, ვიქნები უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. არ მინდა ვიყო ვირუსის გავრცელების წყარო. დაახლოებით 10 ივლისიდან ვიქნები დაცული, ვაპირებ მოგზაურობას ევროპაში და შეიძლება, საქართველოშიც შემოვიარო,


5. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაიზერზე, ასტრაზენეკაზე, ჯონსონ და ჯონსონზე, მოდერნაზე უამრავი კვლევაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე.


6. ხომ არის გაჭირვებული დრო, როცა ლომბარდში ოქროს აბარებენ?! ეს დროა ახლა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს, რომ კარგი ვაქცინა ჩაოვიტანოს.გითხარით, რომელიცაა კარგი ვაქცინა.


7. ვინც ვაქცინა გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დოზიდან 1 თვე არ ხართ დაცული. ვინც აპირებთ აცრას, ჩემი რჩევაა, აცრამდე ერთი კვირით ადრე და აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში ალკოფოლი არ მიიღოთ, უმჯობესია, თუ 2 კვირა შეიკავებთ თავს, რადგან ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს.


8. ასევე გაფრთხილებთ, ერთი დოზის შემდეგ მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებით..


9. რაც შეეხება მოგზაურობას – არ შეცდეთ, თქვენ შეძლებთ ევროპაში ჩამოსვლას, თუ აცრილი იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერმა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. დანარჩენი, რა ვაქცინასაც გაიკეთებთ, მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას.


ახლა ცოტა რამ პოლიტიკაზე და იმაზე, როგორ ატრიალებენ ჩემ ნათქვამს


10. ხანდახან მარტო სათაურებს კითხულობენ, ან მარტო ერთ ფრაზას ამოიღებს ჩემი ლაივიდან. ამას წინათ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკე და ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ბრაზის მიზეზი. მე ის ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს, მოაწყონ თავყრილობები, ამით კი ვირუსი ვრცელდება. რეალობაა, რომ ეპიდემიის კუთხით პროცენტულად საქართველოში ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა. ეს რეალობა პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.


11. ჩემი პოლიტიზირება არავის გამოუვა, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. ნაცები ქოცს მეძახიან, ქოცები – ნაცს, ჩემზე ზოგი ამბობს, მიშიასტიაო, ზოგი – მთავრობისტიაო. ხალხო, არავისი არა ვარ, მე ვარ ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი და არავისტი არ იყო?!


12. პოლიტიკოსები თითქმის ყველანი კორუმპირებულები არიან და ადამიანებით მანიპულირებენ. საბოლოოდ წაგებულია ხალხი, პოლიტიკოსები რჩებიან მოგებულნი და უამრავ ქონებას აგროვებენ. საიდან? მე რომ კარგი სახლ-კარი მაქვს, 24 საათი თავაუღებლად ვმუშაობ, ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან. ეს პოლიტიკოსები ამდენს სად შოულობენ?! და ისინი ხალხზე ფიქრობენ?! მეტი არაა ჩემი მტერი!


13. კიდევ ერთხელ – პოლიტიკაში ვერავინ ვერ ჩამითრევს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს! ქართული პოლიტიკის კი ვერაფერი გავიგე, ისეთი ამბებია.


14. ახლა იმაზე, რომ ზოგიერთები ჩემს ხუმრობებს ვერ იგებენ. ერთხელ ვთქვი სპერმაზე და ეს თემა დღემდე ვერ ამოწურეს. მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილთა გარკვეულ პროცენტში სპერმის ხარისხის სხხვადასხვა სახის პრობლემებია, ამიტომ სანამ კოვიდი დაგემართებათ, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო. მე მგონი, კარგი საქმე გავაკეთე ერის გენოფონდისთვის. ამ განცხადებიდან 9 თვის შემდეგ მომიწევს ბევრის ნათლიობა, თუ იმ დროს ვიქნები საქართველოში.


ახლა რაც შეეხება სიახლეებს ტურიზმთან დაკავშირებით და აკრედიტაციის ინიციატივებზე.


15. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ძალიან კარგად მიდის. ერთ თვეში 32-ზე მეტმა ორგანიზაციამ შემოიტანა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 12, ხოლო ერთმა, სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ მიიღო ფრანგული სერტიფიკატი.


16. მეორე ინიციატივა გუშინ დავიწყეთ. ეს არის „უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაცია“. სამედიცინო პერსონალისთვის ვამზადებთ ტრენინგებს. თუ ხართ ტრენერი, შეგიძლიათ, ჩვენთან შემოიტანოთ თქვენი ტრენინგ-მასალა, გავუკეთებთ აკრედიტაციას, მივანიჭებთ ‘CME” კრედიტს და თქვენ შეძლებთ, გაყიდოთ თქვენი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისათვის.


17. მესამე ახალი ინიციატივა ეხება ტურიზმს – პირველ რიგში, გაკეთდება გიდების აკრედიტაცია. „საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან“


ერთად, ბატონ გიორგი დარსიმელიასთან


ერთად კვირას ვაკეთებთ ტრენინგს. გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს.


18. ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს გიდმა უსაფრთხო ტური, რა უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ინფიცირება – პირველ რიგში, თვითონ იყოს დაცული, დაიცვას გარემო,სადაც არის და დაიცვას ტურისტი.


19. მომდევნო კვირას, ჩატარდება ტრენინგი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. გასწავლით და დაგეხმარებით, მინიმალური ხარჯებით როგორ შეიძლება გადაეწყოთ. ვინც გაივლის ტრენინგებს, მიიღებთ სერტიფიკატს და სტიკერს – „კოვიდუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება“. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიკაციას, ამას ფხაკაძე გიკეთებთ უფასოდ. დავიღლები, არა უშავს, ჩვენ ახლა ტურიზმის გამართვა გვჭირდება.


20. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მომზადდეს შემდეგი მიმართულება – „უსაფრთხო კოვიდრესტორანი“. სტუმარი რომ გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავს, იმ რესტორნიდან თან კორონაც ხომ არ უნდა გამოჰყვეს?! …ამ მიმართულებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებით. 2 დღე დაველოდები სარესტორნე ბიზნესთან დაკავშირებული ასოციაციების გამოხმაურებას, თუ არადა მე თავად გავაკეთებ.


21. და რა თქმა უნდა – კოვიდუსაფრთხო აკრედიტებული სასტუმრო. ჯერ არ გადამიწყვეტია, ამ მიმართულებით ვისთან ვითანამშრომლებ.


22. ტურისტული სექტორი შეძლებს, ტურისტს შესთავაზოს კოვიდუსაფრთხო გიდი, კოვიდუსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდუსაფრთხო რესტორანი და კოვიდუსაფრთხო სასტუმრო. უკვე არის გამოხმაურებები და მე ამას გავაკეთებ, ორშაბათიდან დაიწყება ტურისტული სექტორის აკრედიტაციის პროცესი.


23. ამ სერტიფიკატს თქვენ ვერ იყიდით, არ იყიდება, უფასოა, ნებაყოფლობითია, მაგრამ კორიფციით და ჩაწყობითაც ვერ მიიღებთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, ფხაკაძე არ იყიდება. ველოდებით ტურისტული სექტორის გამოხმაურებას!


ცოტა იუმორიც მსმენელთა კომენტარებზე


24. ლაივში კომენტარი წავიკითხე ახლა – „კოვიდუსაფრთხო ნაშებიო“, დაწერა ერთმა. სამწუხაროდ, კოვიდუსაფრთხო ნაშები პრობლემაა, ვაქცინირებული უნდა იყოს, სასურველია, ფაიზერით და თან პირბადე უნდა გამოიყენოს. კოვიდუსაფრთხო ნაშების კუთხით მე, სამწუხაროდ, სერტიფიცირებას ვერ გავაკეთებ.


დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას შერჩევის პროცესში, მაგრამ მეცნიერულად, სამწუხაროდ, ეს ცოტა გაგვიჭირდება. აგერ მეორე მსმენელმა კაცი ნაშებიც მოითხოვა, კარგი, ორ კომიტეტს გავაკეთებ ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისთვის, მაგრამ ეს აკრედიტაცია იქნება ფასიანი. როგორც კომიტეტებში მოხვედრა, ასევე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება.


25. ვხუმრობთ, ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. თუ ვინმე გიყვართ, უთხარით: მიყვარხარ“ და იყავით ერთად.


26. განსაკუთრებით ამ პანდემიისას რაც უფრო ნაკლები სხვადასხვა ურთიერთობები გექნებათ, უკეთესია. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ამას სერიოზულად გეუბნებით. პანდემიის დროს გყავდეთ ერთი მეგობარი და ეს იქნება უსაფრთხო თქვენთვის. ახლა უკვე წარმომიდგენია, მედიაში რა სათაურებს დაწერენ ამ ლაივზე………


გიორგობაა, გილოცავთ.


27. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაფერი იქნება კარგად, ამის უნდა გჯეროდეთ. ნეგატიური ადამიანები მოიშორეთ. დააფასეთ და მოეფერეთ პოზიტიურ ადამიანებს. ეძებეთ და აკეთეთ ყოველთვის სიკეთე.


28. გიორგობა შემოდის, ეს ის დღესასწაულია, როცა სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. ჩვენ ვართ წმინდა გიორგის ქვეყანა და ჩვენ გავიმარჯვებთ. მეც გიორგი ვარ, ყველა გიორგის და ქველა ქრისტიანს გილოცავთ გიორგობას.


29. მჯერა, რომ წმინდა გიორგი იფარავს საქართველოს. ჩვენ ისეთი რაღაცეები გადავიტანეთ, რაც მეცნიერულად შეუძლებელი იყო. ღმერთი არსებობს. საქართველოში ისეთი რთული მდგომარეობაა, და მაინც გაგვაქვს თავი. საქართველოში მესამე ტალღა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ჩვენი მფარველი ანგელოზები ცოტა უნდა დავასვენოთ და ეს დასვენება არის ჩვენს მიერ პირბადის გამოყენება. არ გავაკეთოთ ის, რაც მოხდა ნოემბერში.


30. ვიცხოვროთ გონივრულად. პასუხისმგებლობა არის ყველაზე. პირბადეზე უკეთესი წამალი არ არსებობს. გამოიყენეთ პირბადე ვაქცინაციის შემდეგაც! ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოში შარშანდელი ნოემბერი არ დაბრუნდეს. დავეხმაროთ წმინდა გიორგის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს.


გვწამდეს, გვჯეროდეს, ვიფიქროთ სიკეთეზე, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.


მიყვარხართ ძალიან!


ყველაფერი იქნება კარგად!


ჯანმრთელობას გისურვებთ!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Commenti


Post: Blog2_Post
bottom of page