top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

მისი სახელია B117: პასუხები Covid 19-ის ახალ შტამზე

05, 01, 2021 რადიო თავისუფლება

Covid 19-ის ახალი შტამის, B117-ის შესახებ დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი. "სხვა, მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს", - ეს განცხადება 5 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა და ისიც თქვა, რომ ახალი შტამი „კლინიკურად იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც Covid 19“. რადგან B117 უფრო სწრაფად ვრცელდება, სიფრთხილესაც მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით, თავდაცვითი ზომებიც იგივე რჩება და რეკომენდაციაც არ შეცვლილა - პირბადე, ხელის ხშირი დეზინფექცია და ორმეტრიანი დისტანცირება. 5 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიას ასევე უთხრა, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია, თითქოს ახალი შტამი მეტად აზარალებს ახალგაზრდებს. რა ვიცით საქართველოში B117-ის ჯერჯერობით ერთადერთ დადასტურებულ შემთხვევაზე? ვიცით, რომ 50 წლის მამაკაცს, ერთ-ერთს სამი საეჭვო შემთხვევიდან, რომელსაც Covid 19-ის ახალი შტამი დაუდასტურდა, არსად უმოგზაურია. მას ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელმაც უცხოეთში იმოგზაურა. ვიცით, რომ მისი ყველა კონტაქტი ამ ეტაპზე შესწავლილია. ყველამ გაიარა 14 დღიანი კარანტინი. ახალი შტამით ინფიცირებულს კოვიდის დადასტურების მიზნით პსრ კვლევა ჩაუტარდა თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ვიცით, რომ დაავადების სიმპტომები გამოიხატა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, ხოლო სიმპტომების დაწყებიდან 2 დღეში შემთხვევა დიაგნოსტირებული იყო როგორც კოვიდ-19. 82 წლის ჯეიმს შოუ "ასტრაზენეკას" ვაქცინით იცრება. თუმცა, დიაგნოსტირების ლაბორატორილ ეტაპზე გამოვლენილი გენური თავისებურების გამო, ნიმუში მოხვდა შენარჩევში, რომელიც ექვემდებარებოდა შემდგომ დეტალურ შესწავლას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალი შტამის აღმოჩენის ამბავი 5 იანვარს მედიას ასე მოუთხრო: „როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რაც კი იყო ყველა ლაბორატორიაში, იმისთვის, რომ მოგვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. საეჭვო, დადებითი შემთხვევა არის მაშინ, თუ PCR-ში გამოყენებული სამი სამიზნე გენიდან [არის რომელიმე განსხვავებული] 2 იყო დადებით და 1 არ იყო დადებითი, ასეთი იყო სულ 3 შემთხვევა, რომელიც ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან“. იმნაძემ ასევე თქვა, რომ საქართველოში აქამდე არსებული ყველა შემთხვევა იყო სამივე გენზე დადებითი, რაც მისი თქმით, იმას მიუთითებს, რომ ახალი შტამი საქართველოში გავრცელებული არ არის. „ახალ შტამს აბსოლუტურად იგივენაირად იჭერს PCR-ის ტექტიც და ანტიგენის ტესტიც“,- ამბობს პაატა იმნაძე. კიდევ სად დაფიქსირდა B117? მსოფლიო მედიის ცნობით, Covid 19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის შემტხვევები 30-ზე მერ ქვეყანაში დაფიქსირდა. 4 იანვრის მონაცემებით, Covid 19-ის ახალი შტამის 38 შემთხვევა უკვე დადასტურდა ინდოეთში. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ირანმა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ მოგზაურში კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაარეგისტრირა. ასევე ნახეთკორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც აღმოაჩინეს ახალი ბრიტანული ვირუსი უკვე დაფიქსირებულია დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, იტალიაში, შვედეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, კანადაში, იაპონიაში, ლიბანში, სინგაპურში, ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, ვიეტნამში. B117-ის გარდა, მსოფლიო ყურადღების აკვირდება Covid 19-ის კიდევ ერთ ახალ შტამს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. რატომ აშფოთებს მსოფლიოს ახალი შტამი? ამ კითხვაზეც პასუხი იგივეა - უფრო სწრაფი გავრცელება. ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი სწორედ ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები იყო. დეკემბრის შუა რიცხვებში კი ამ შტამიტ დაინფიცირებამ თითქმის ორ მესამედს მიაღწია. ასევე ნახეთრამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი? ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია და სახიფათო, არ არსებობს. თუმცა საფრთხეებზე წერისას, მსოფლიო პრესა მიანიშნებს იმაზე, რომ მისი სწრაფი გავრცელების ხასიათიდან გამომდინარე, ამ შტამმა, შესაძლოა, საავადმყოფოების ისევ გადატვირთვა გამოიწვიოს, რაც ქვეყნებისთვის ისევ გამოწვევად იქცევა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები B117-ის შესახებ, რომლებიც ორ კვლევას - ლონდონის საიმპერატორი კოლეჯისა მკვლევრების მიერ ჩატარებულ და Wellcome Sanger ინსტიტუტისა და ევროპის ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის (EBI) თანამშრომლობით ჩატარებულ გამოკვლევებს ეყრდნობა და რომლის მიხედვით, ახალი შტამი, შესაძლოა, ზაფხულის ბოლოსაც კი გაჩენილიყო. ამავე კვლევების თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მუტირებული ვირუსი უფრო მომაკვდინებელი იქნება. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაშიც ახლად შექმნილი ვაქცინებიც ჩვეულებრივ იმუშავებს. დამაფიქრებელი მათი აზრითაც ვირუსის ახალი შტამის გავრცელების სიჩქარეა და ბოლო ინფორმაციით, ის 50%-ით მეტად გადამდები შესაძლოა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი. მკვლევრების დაკვირვებით, ეს შტამი უფრო ხშირად ვლინდებოდა 0-19 წლამდე ასაკის ადამიანებში, თუმცა ჯერჯერობით არც ის არის დადასტურებული, ამის მიზეზი იყო ის, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო ადვილად აინფიცირებდა, თუ ის, რომ ლოკდაუნის დროს ბრიტანეთში არ დახურულა სკოლები, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან. და ასევე, როგორც რასელ ვაინერმა განაცხადა, ლონდონის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯიდან, ბავშვების და ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაავადება ან უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს“. პრობლემა ის არის, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ახალი შტამის გადამტანები მოზრდილებზეც. „გჯერათ, რომ საქართველოში ახალი შტამით მხოლოდ ერთი ადამიანია ინფიცირებული? სწორედ ამ საფრთხეზე უფრო ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC) და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი გიორგი ფხაკაძე - მისი აზრით ეს არის არა საშიში, არამედ საყურადღებო პროცესი. სამეცნიერო თვალსაზრისით, მისთვის ვირუსის მუტაციის პროცესი საინტერესოა იმიტომაც, რომ როგორც წესი, ვირუსი ხდება ნაკლებად აგრესიული და ხშირად სეზონურ გრიპად იქცევა. ამ შემთხვევაშიც, შესაძლებელია, რომ ეს ვირუსიც, როგორც ეს SARC-ის დროს მოხდა, სეზონურ გრიპად იქცეს. თუმცა, ჯერჯერობით სწორი პასუხი იმაზე, თუ რა ვიცით ამ ახალი შტამის შესახებ, „არის ის, რომ არაფერი ვიცით“, - გვეუბნება გიორგი ფხაკაძე. მისი თქმით, არ არსებობს არც რაიმე დასრულებული კვლევა, რომელიც ამ შტამით დაინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს დაადასტურებდა. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევიან ვაქცინის შექმნის პროცესში ჩართული ექსპერტებიც, აცხადებს გიორგი ფხაკაძე - მათი განცხადებით, ახალი შტამისთვის, ახალი ვაქცინის შექმნა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება ასაკობრივ ფაქტორს: გადადის თუ არა დანამდვილებით ახალი შტამი უფრო ადვილად ბავშვებსა და 19 წლამდე ახალგაზრდებში? ამაზე ფხაკაძე ასე გვპასუხობს: „ამაზე მე ჯერ კიდევ სექტემბერში ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ - ჰარვარდის უნივერსიტეტმა ინდოეთში ჩაატარა ძალიან დიდი კვლევა და შეამოწმა, თუ რა შედეგი მოიტანა ბავშვების სკოლაში გაშვებამ კოვიდის გავრცელების მხრივ. მაშინ გაკეთდა დასკვნა, რომ ბავშვები არიან ამ ვირუსის ყველაზე დიდი გადამცემები. ეს ასეა ზოგადად, სხვა ვირუსების შემთხვევაშიც. ბავშვების უმრავლესობისათვის, განსხვავებით დიდებისგან, ვირუსი გადის უსიმპტომოდ. მაგრამ ახლა არის ახალი წლის და შობის პერიოდი, ისინი შეიძლება მივიდნენ და ჩაეხუტონ თავიანთ ბებოებს და ეს იყოს მათი ბოლო ჩახუტება, რადგან მათ მიუტანონ ეს ვირუსი - აი, ეს არის საფრთხილო. გიორგი ფხაკაძეს ასევე ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ახალი შტამი საქართველოში მხოლოდ დღეს გამოჩნდა. „ეპიდემიოლოგიაში არსებობს ძალიან მარტივი წესი - თუ თქვენ რაიმე დაავადებას არ ეძებთ, ის დაავადება არ არსებობს და თუ ეძებთ, იმ დაავადებას ყოველთვის მოძებნით. დღეს ვინმეს სჯერა, რომ ერთი ადამიანია საქართველოში ამ შტამით ინფიცირებული? ამ შტამით შესაძლოა უკვე ასი და მეტი ადამიანი დადის საქართველოში. ჩვენ ამ პროცესის კონტროლი თავის დროზე გაგვეპარა, როცა წითელი კორიდორები არ შემოიღეს და საზღვარზე შემოსულ ადამიანებს მკაცრად არ აკონტროლებდნენ. თუმცა, იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ ზაფხულისთვის ეს ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდება. დავინახავთ, რომ მაისის მესამე კვირაში ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები ცარიელი იქნება“. გიორგი ფხაკაძე ასევე ამბობს, რომ ვირუსის სწრაფად გავრცელების პერიოდი საქართველომ ნოემბერში გამოიარა, უკვე აქვს გამოცდილება თუ როგორ მოიქცეს და ეს გამოცდელება ახლა ახალი შტამის სამართავადაც უნდა გამოიყენოს. კიდევ რაზე გვაფრთხილებენ ექიმები? კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს არის - დაინფიცრდებიან თუ არა ახალი შტამით უკვე კორონაგადატანილი ადამიანები? ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი მედიასთან საუბრისას შენიშნავს, რომ „ამის რისკი დაბალია“ და რომ ჯერჯერობით „განმეორებითი ინფიცირების და დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“. იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ამბობს, რომ რადგან ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდი, უნდა შეიცვალოს თავდაცვის ღონისძიებებიც - მისი თქმით, დაავადების მარტივი გადამდებადობა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. და სახელმწიფოს მხრიდან თავდაცვითი ღონისძიებებისათვის უკეთ მომზადებას. ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს. „რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა პალიტრა ტვ-ს ეთერში. ამასობაში, დიდი ბრიტანეთმა, სადაც პირველად დაფიქსირდა კოვიდ 19-ის ახალი შტამი, 4 იანვრიდან ახალი ,,ლოკდაუნი'' გამოაცხადა, რომელიც, სულ მცირე, თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტით ინფიცირების შესაჩერებლად.

  • ეკა ქევანიშვილი მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. kevanishvilie@rferl.org

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31034511.html

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page