top of page

რა გავლენა აქვს ოზონის შრეს დედამიწაზე, რა იქნებოდა მის გარეშე — ახალი კვლევა

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დედამიწის კლიმატის ევოლუცია მრავალ კომპონენტს მოიცავს. ახალი კვლევა აჩვენებს, რამდენად კრიტიკულია ოზონის შრე დედამიწის ზედაპირის ტემპერატურისთვის. ოზონის შრის გარეშე, ჩვენი პლანეტა 3,5 კელვინით უფრო ცივი იქნებოდა.

დედამიწის საერთო საშუალო ტემპერატურის სტაბილიზებასა და დადგომაში მრავალი უკუკავშირი და იძულებითი მექანიზმია ჩართული.


ყველაზე მარტივ სურათში, ჩვენ მზისგან რადიაციას ვიღებთ. ამ რადიაციის გარკვეულ ნაწილს ატმოსფეროს ზედა ნაწილი ირეკლავს, დანარჩენი კი ქვემოთ მოდის. მის ნაწილს ჰაერი და მიწა შთანთქავს.


დანარჩენ რადიაციას დედამიწის ზედაპირი აირეკლავს. მისი უდიდესი ნაწილი უკან, კოსმოსში გარბის, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილს ხელახლა შთანთქავს ატმოსფერო და წარმოქმნის სათბურის ეფექტს, რაც პლანეტის ზედაპირს ათბობს; ამის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.



თუმცა, ასეთი სურათი ზედმეტად მარტივია. რეალობაში, ჩვენი ტემპერატურა და კლიმატი დამოკიდებულია ყველაფერზე, ატმოსფეროში სხვადასხვა მოლეკულის რაოდენობით დაწყებული, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულირების სისტემებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებული ოზონის შრე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის ულტრაიისფერი რადიაციის დასაბლოკად, დედამიწის კლიმატის შემსწავლელ კლიმატურ მოდელთა უმეტესობა ოზონის როლს უგულებელყოფდა.


თუმცა, ახალ კვლევაში მეცნიერებმა ოზონის შრის გავლენა შეისწავლეს.


ოზონის შრე დედამიწას ყოველთვის არ ჰქონდა. სიცოცხლის აღმოცენებამდე, ჩვენს ატმოსფეროში ოზონი თითქმის არ იყო. ოზონის მინიმალური შრის წარმოსაქმნელად, დედამიწას მილიარდობით წელიწადი დასჭირდა.



მხოლოდ შედარებით ბოლო პერიოდში მოხდა მისი სტაბილიზება და იმ სისქის მიღწევა, რაც დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში საკმაო ოდენობით არსებული მოლეკულური ჟანგბადი კლიმატში მცირე როლს ასრულებს, ამას ვერ ვიტყვით ოზონზე.

ოზონის შრის გავლენის შესასწავლად, მკვლევრებმა დედამიწის კლიმატის სიმულაციათა კრებული გამოიყენეს. ატმოსფეროს ზედა ნაწილში მათ ოზონის რაოდენობა შეცვალეს და დედამიწის ტემპერატურას წონასწორობის (ეკვილიბრუმი) მიღწევის საშუალება მისცეს.


აღმოჩნდა, რომ ოზონის არსებობას პლანეტის ზედაპირის ტემპერატურაზე გათბობის ეფექტი აქვს და მას საშუალოდ დაახლოებით 3,5 კელვინით ზრდის. ოზონის შრე რომ გაქრეს, ამას ჩვენს კლიმატზე კატასტროფული გავლენა ექნება.


ოზონის არარსებობის ძირითადი ეფექტი იქნებოდა ზედა სტრატოსფეროს გაციება. ცივი აირი ბევრ ტენს ვერ იჭერს და შესაბამისად, სტრატოსფერო მშრალი გახდება.


წყლის ორთქლი მნიშვნელოვანი სათბურის აირია და მის გარეშე, დედამიწის მთლიანი სათბურის ეფექტი შემცირდება.

დედამიწის ტემპერატურის ცვლილების გარდა, ოზონის არარსებობას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს ზოგად კლიმატზეც.

ოზონის არარსებობა და ამის გამო სტრატოსფეროს გაციება ასევე გამოიწვევს ატმოსფეროს ამ შრის დესტაბილიზაციას, რაც ხელს შეუშლის ღრუბლების წარმოქმნას. შედეგად, ღრუბლები მხოლოდ დედამიწის დაბალ და მაღალ განედებზე გამოჩნდება.

ამას გარდა, ზოგიერთი ჭავლური ნაკადი ეკვატორთან გაძლიერდება, პოლუსების სიახლოვეს კი შესუსტდება. ამას დრამატული შედეგები ექნება ამინდის სეზონურ მახასიათებლებზე ყველა განედზე.

დედამიწის ატმოსფერო მდიდარი, კომპლექსური სისტემაა; ეს კვლევა აჩვენებს, რომ ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




241 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page