20/12/2021
„1.რამდენიმე დღის წინ ყველას ვაფრთხილებდი, რომ ომიკრონი საქართველოში შემოსულია. გითხარით, რომ ორშაბათს ეს დადასტურდებოდა და ასეც მოხდა“,- ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„2.დღეს კი დაადასტურეს ომიკრონის არსებობა ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ეს შტამი საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა, ცირკულირებს. ჩვენთან არსებული ინფიცირების მაღალი ციფრები ომიკრონის დამსახურებაცაა, დელტასთან და დელტა პლიუსთან ერთად.
3.ვაღიაროთ, საქართველოში წესებს პრაქტიკულად არავინ იცავს. იმართება დისკოთეკები, ფართები, კონცერტები, დაბადების დღეები, ქორწილები, წინასაახალწლო შოპინგები. გავაგრძელო კიდევ ჩამოთვლა?!
4.წინასაახალწლოდ ქვეყნის შიგნით დიდი მობილობაა, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.
5.არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კალკულაცია ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან დაკავშირებით. ჩემი მეცნიერული, აკადემიური მოსაზრებით და არა ბიზნეს ან ასტროლოგიური გათვლებით, სავარაუდოდ, საქართველოში ომიკრონის გავრცელება მოხდება ყველაზე არასახარბიელო სცენარით. გავრცელების სისწრაფე იქნება ყოველდღიურად სამზე გამრავლებული. თუ დღეს დაინფიცირდა 10 ადამიანი, ხვალ იქნება 30, ზეგ – 90.
6.გვახსოვდეს, ის ადამიანებიც, ვინც ადრე ვუხანური შტამით, ან დელტა, ან დელტა პლიუსით დაინფიცირდნენ, შესაძლოა, დაინფიცირდნენ ომიკრონით. ასევე ყველა, ვინც აცრილია „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკათი“, არ არიან დაცულები და ომიკორნით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან.
7.ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი, სამწუხაროდ, არ არის მაღალი დაცულობა ომიკორნის მიმართ, დაცულობა არის 35-40%, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
8.ბუსტერი არის ერთადერთი გამოსავალი მათთვის, ვინც უკვე არის აცრილი და ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი. ბუსტერი უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება სწრაფად.
9.უკვე დაიდო კვლევა, რომ მოდერნა 37-ჯერ ზრდის ანტისხეულების რაოდენობას. თუმცა მოდერნას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენებიც (სიცხე, ტკივილი). ის დოზირებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც უფრო გამოხატულია.
10.ახლა მივმართავ ანტივაქსერებს – მართალი ხართ, საქართველოში კოვიდპასპორტი შესაჩერებელია, ის არაეფექტურია, რადგან, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ.კოვიდპასორტი ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, 3 უკან. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში კოვიდპასპორტი უნდა გაუქმდეს და ჩვენ გვჭირდება ვაქცინაციის საბუთი.
11.ისეთ, ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კოვიდპასპორტი ვერ გაამართლებს. როცა მოსახლეობას მხოლოდ 10%-ია აცრილი და ნამდვილად აცრილია ის, ვინც ფაიზერის ორი დოზითაა აცრილი. ახლა კი ომიკრონთან დაკავშირებით, ორჯერ აცრაც არ არის საკმარისი და საჭიროა მესამე ანუ ბუსტერი. პროტოკოლი შეიძლება, შეიცვალოს ყოველკვირა, კვლევებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კოვიდვაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს პირი ბოლო პროტოკოლის მიხედვით – პროტოკოლი კი შეიძლება ითვალისწინებდეს ბოლო აცრიდან 3, 6, 9 თვის შემდეგ ვაქცინაციას.
12.ქვეყანაში ბუსტერი დაახლოებით 50 000 ადამიანს აქვს გაკეთებული ანუ რეალურად მხოლოდ 50 000 ადამიანია ომიკრონისგან დაცული დაახლოებით 50%-ით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვაქცინის გაკეთებიდან დაცვა მხოლოდ 45 დღის შემდეგ იწყება.
13.ჩემი მოსაზრებით, ბუსტერი უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან სამი თვის შემდეგ. ეს მეცნიერულად. პოლიტიკურად, ტექნიკურად ვინ რას იზამს, ვერაფერს გეტყვით.
14.ჩემი მოსაზრებით, ახალი წლის აღნიშვნა მხოლოდ ვიწრო და ახლო წრეში უნდა მოხდეს, არავითარი დიდი ღონისძიებები, არავითარი კონცერტები.
15.ისიც ვიცი, არავინ დამიჯერებს და ამ წინასაახალწლოდ საქართველოში ტაშფანდური გვექნება. აღვნიშნავთ გრანდიოზულად ახალ წელს, შობას, ძველით ახალ წელს. სიტუაცია ძალიან დამძიმდება იანვარში.
16.მივყვებით ყველაზე მძიმე სცენარს სამი შესაძლო სცენარიდან. სიტუაციის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რა ზომებს მივიღებთ: ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია თუ იქნება, იქნება შედარებით მსუბუქი სცენარი, თუ არადა…. ბევრი ჩემზე გაბრაზებულია. რატომ? მე სიმართლეს ვამბობ.
17.ნურავისზე გაბრაზდებით, საკუთარი თავის გარდა. სახელმწიფომაც რა უნდა გააკეთოს, თუ ხალხს არ უნდა? შემოიტანეს ვაქცინა და მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია? – არა. ეს ჩვენი ბრალია და ჩვენ ამის ფასს გადავიხდით. ახლაც ვიხდით მწარე ფასს. დღეში 50 ადამიანს ვკარგავთ. ციფრი გაიზრდება.
18.გეუბნებით – ქართული შტამი უკვე არსებობს, უბრალოდ, არ ეძებენ, რადგანაც სეკვენსირება ძვირი სიამოვნებაა. ორი საწყალი ომიკრონი ძლივს აღმოაჩინეს.
19.რაც შეეხება ვაქცინებს – ჩინური ვაქცინებით ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს, გაგრძელდეს მხოლოდ ფაიზერით. იმასაც გეტყვით, რომ ახალი ადამიანები არც კი უნდა ავცრათ, აზრი არა აქვს. თუ ადამიანი 1 წელი არ აიცრა, ახლაც არ აიცრება და იძულებით აცრა, რა ვიცი… მოსახლეობის 20%, რომლებიც აიცრნენ, მათზე გადანაწილდეს არსებული ფაიზერი ბუსტერ დოზებისთვის…ბოლო აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ.
20.თურექთში ვინც სინოფარმით იყო აცრილი, ხელახლა ორჯერ აცრეს ფაიზერით. საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს მათთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება.
21.ვისაც არ უნდა აცრა, აგერ პირბადე, დაიცავი დისტანცია და …ილოცე. სხვა რა გითხრათ?!…სხვა გამოსავალი არ დარჩა…
22.ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა, მაგრამ ახლა არ გვინდა პოლიტიკური აქცენტები, ის მინისტრი თუ ეს…ოპოზიციაც დამნაშავეა და პოზიციაც, რადგანაც არავინ იფიქრა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვინ რა გააკეთა?! ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არის რაღაც კარტერული გარიგებების გაუთავებელ პროცესებში. საქართველოში არ არის პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.
23.სტატუსშიც დავწერე, რომ გიორგი ფხაკაძის საქართველოში ჩამოყვანას და მისთვის ჯანდაცვის სისტემის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს. ყველამ იცის, მე ძალიან გამჭვირვალე ვარ, ჩემთან კორუფცია და ფულის „მოტეხვები“ არ გამოვა. მე ვიტყვი, რაც არის სათქმელი და გავაკეთებ, რაც არის გასაკეთებელი. ჩემნაირი ადამიანი საქართველოში დღეს მიუღებელია. ამიტომ ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს. აი, ნახავთ, აგერ ხართ თქვენ და აგერ – მე!
24.ეს არის რეალობა. სხვათა შორის, ამბიციაც არ მაქვს, რადგან დღეს რაც არ უნდა გააკეთო, ჯანდაცვის მინისტრობა არის ყველაზე არასახარბიელო თანამდებობა მსოფლიოში. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დამნაშავე იქნები.
25.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნის მენეჯმენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ იქნებ მოაგვარონ შიდა პრობლემები. ოპოზიციამაც 3-4 თვე ცოტა თავი შეიკავოს. მართალია, გადადგა ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ ის 3-4 თვე არ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჯანდაცვის მთელი მენეჯმენტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილეები, ყველანი ადგილებზე უნდა დარჩნენ. აგისხნით, რატომ.
26.იანვრის ბოლოს საქართველოში ომიკრონი დომინანტი იქნება. ამას ძალიან ძლიერი მართვა დასჭირდება. ახალი ათი „გელოვანიც“ რომ მოიყვანო, ვერაფერს იზამს. ჯობს, იყვნენ ისინი, ვინც უკვე დაუშვეს ბევრი შეცდომა და იციან არსებული სიტუცია, იციან, სად აღარ დაუშვან იგივე შეცდომა. საჭიროა საწოლფონდის მობილიზება, გასაკეთებელი იქნება საველე ჰოსპიტლები, ჟანგბადის მომარაგება და მედპერსონალის მობილიზება. სანამ ახალი მენეჯმენტი ამაში გარკვევას და შემდეგ შესრულებას შეძლებს, ძვირფასი დრო დაიკარგება.
27.ამიტომ 3-4 თვე ჯანდაცვის არსებული მენეჯმენტი უნდა დარჩეს. თუ გინდა, ყველა გადააყენეთ, მაგრამ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეთ. ზამთარი უნდა გადავიტანოთ. ეს სიტუაცია ჩავაცხროთ და შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც გინდა, ის გადაწყვეტილება მიიღეთ. ომიკრონი ხუმრობა არ არის.
28.რა სიტუაციაც ახლაა, ხომ გაფრთხილებდით?! დამიჯერეთ ხოლმე. 2 წელია, ხდება, რასაც ვამბობ. ერთხელ შეიძლება, ნათქვამი შემთხვევით ახდეს, მაგრამ 21-ჯერ?! არ ვარ არც ასტროლოგი, არც კაკულია, მეცნიერული კალკულაციებით გესაუბრებით. პლიუს პირადი გამოცდ8ილება, საქართველოში 70 საავადმყოფოს ვმართავდი, მთელი ახლო აღმოსავლეთის ჯანდაცვის სისტემებზე ვარ ნამუშევარი და ა.შ.. უბრალოდ, როცა ვამბობ, დამიჯერეთ.
29.ქვეყანას სჭირდება მეცნიერება, პროფესიონალიზმი. სხვა გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის სწრაფად მიღებულ პრაგმატულ გადაწყვეტილებებში. გადაწყვეტილებები შეიძლება რადიკალური იყოს, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის.
30.მივხედოთ სამშობლოს. მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს. დაპირისპირება არა ჩვენ, არამედ მხოლოდ ვირუსს გამოადგება.
31.მტერი მოსულია. იცით, რითაც ებრძოლოთ – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის. მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები, შეეცადეთ იყოთ პოზიტიურები. ჯანმრთელობას გისურვებთ!- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/ra-situatsiats-akhlaa-khom-gafrtkhilebdit-damijeret-giorgi-fkhakadze/
Comments