13/03/2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა თუ არა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში და რომელ ვაქცინას ანიჭებს ის უპირატესობას – ამ კითხვებით “პრაიმტაიმი” გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, ამ დრომდე მას ვაქცინა არ გაუკეთებია, რადგან ჯერჯერობით მისი ასაკის ადამიანები საფრანგეთში არ აუცრიათ, რაც შეეხება შვეიცარიას, სადაც ქართველი პროფესორი მუშაობას, იქ ვაქცინის საკმარისი მარაგი არ აქვს. თუმცა, გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გაიკეთებს იმ ვაქცინას, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა შეარჩევს, რადგან ის შვეიცარიის ხელისუფლებას ენდობა. “სამწუხაროდ, ვაქცინა ამ დრომდე არ მაქვს გაკეთებული, რადგან საფრანგეთში ჩემი ასაკის ადამიანებს ჯერ არ ცრიან, ხოლო ჟენევაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის. მოგეხსენებათ, შვეიცარიაში დიპლომატიური სტატუსით ვიმყოფები, ვმუშაობ, ამიტომ ავიცრები, როგორც შვეიცარიის მოქალაქე და ეს მაშინ მოხდება, როცა ჩემი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება. – რომელი ვაქცინით აიცრებით? – იმ ვაქცინით ავიცრები, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტს, რადგან მე შვეიცარიის მთავრობას ვენდობი. – როგორია თქვენი პროგნოზი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით? – ძალიან რთულია წინასწარ ამ საკითხზე საუბარი, რადგან ამ დროისთვის რაც ნამდვილად ვიცით, ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება ვირუსის გავრცელება შევამციროთ თუ სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, დავიცავთ ორმეტრიან სოციალურ დისტანციას, ხელებს ხშირად დავიბანთ… ვაქცინები და ახალი პრეპარატები კიდევ გამოჩნდება. კომპლექსურად ეს ყველაფერი კი მოგვცემს საშუალებას, რომ პანდემია შევასუსტოთ, მაგრამ გარანტიას ამის შესახებ ჯერჯერობით ვერავინ მოგვცემს, რადგან ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, კიდევ შესწავლის პროცესში ვიმყოფებით და პერიოდულად ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაწყდებით. – ახალ შტამებთან დაკავშირებით, რას იტყვით, როგორია გავრცელების საფრთხე? – ბრიტანული შტამით ჟენევაში 80 პროცენტია ინფიცირებული, აღნიშნული შტამი სწრაფად გავრცელებადია, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში. ბრიტანული შტამის გავრცელების გაკონტროლება კლასტერებზე მკაცრი მიდევნებით არის შესაძლებელი. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ინფიცირებულები გამოვლინდეს და ამით ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. – როგორ აფასებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედ შეზღუდვებს? – მოსახლეობა დაიღალა ჩაკეტვით, დეპრესიული ფონი საკმაოდ გაიზარდა, გახშირდა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. საჭიროა კომენდანტის საათის შენარჩუნება, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი თავშეყრა და ადამიანთა კონტაქტი, მაგალითად, საფრანგეთში, კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება, კაფე-ბარებიც დაკეტილია. – რას იტყვით ასტრაზენეკას ვაქცინაზე? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ ამ ვაქცინის ეფექტიანობა 20 პროცენტია, თუმცა ამ შტამის წინააღმდეგ ეს ეფექტიანობა და სიკვდილიანობის შემცირება მაინც დადებითი ეფექტია, რადგან უარესს ნამდვილად სჯობს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
コメント