12/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
-„ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიშით მინდა წარვსდგე თქვენს წინ:
– რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ვღებულობდი, შეხვედრას რომელსაც ესწრებოდა გაეროს გენერალურ მდივანი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სხვადასხვა ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 40 ადამიანი, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობენ. დღეს წარვუდგინეთ ბოლო ანგარიში გაეროს გენერალურ მდივანს და ამით დასრულდა ჩემი თითქმის ექვსწლიანი მისია გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთა საბჭოში მრჩევლის რანგში.
გაეროს გენერალურ მდივანს წარვუდგინეთ ხედვა, საით უნდა წავიდეს მსოფლიო ჯანდაცვა მომდევნო 2030 წლამდე. ჩვენ ვიყავით პირველი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც გაეროს სისტემაში შარშან კოვიდის ანგარიში წარმოვადგინეთ.
სხვათა შორის, ჩემი ინიციატივით, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში იყო საქართველოს ქეისიც. მოხარული ვარ, ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრმა დონორმა და ქვეყანამ გაიგო. იქ საუბარი იყო კოვიდის პირველ ტალღაზე, რომელსაც ჩვენ კარგად გავუმკლავდით (მეორე ტალღის რა მოგახსენოთ) და ამ პირველი ტალღის გამოცდილება გავიზიარე სხვა ქვეყნებს.
გვაქვს შეცდომები, მაგრამ გვაქვს კარგიც, იმ კარგის წარმოჩენას ვცდილობ საზღვარგარეთ ყოველთვის. საქართველოში ჩვენებს ვაკრიტიკებ, – ნაკლები შეცდომები დაუშვან, გარეთ კი ყოველთვის ვცდილობ, ვაჩვენო, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ასეა საჭირო. ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯია.
ხუთნახევარი წელი გავატარე გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის პოზიციაზე. ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო მისია იყო! მართლა დიდია პასუხისმგებლობა, როცა გაქვს შეხვედრა გაეროს სააგენტოების დირექტორებთან, დონორებთან, ქვეყნების პრეზიდენტებთან და ცდილობ, შესთავაზო შენი მოსაზრება, თუ როგორ ჯობია, მსოფლიოში გავაუმჯობესოთ გლობალური ჯანდაცვა.
მდიდარი ქვეყნები აკეთებენ იმას, რასავ არ უნდა აკეთებდნენ და ასევე ღარიბი ქვეყნები დგამენ არასწორ ნაბიჯებს. მთავარი გამოწვევა არის მსოფლიო მასშტაბით მზარდი არასამართლიანობა, სადაც ადამიანები, ვისაც აქვთ ფინანსური და ხელისუფლებრივი ძალაუფლება, იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ მოექცნენ სხვები. ჯანდაცვის კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით პანდემიის პირობებში, როცა ვაქცინების 90% მდიდარ ქვეყნებზეა გადანაწილებული. ამ და მსგავსი პრობლემების გამო ჩვენ გაეროს გენერალურ მდივანს, მსოფლიო ბანკს და ა.შ. ვაძლევდით რჩევას, რა ჯობს, გაკეთდეს ამ უთანაბრობის აღმოსაფხვრელად.
ვმუშაობდი ცნობილ და დიდ ადამიანებთან. ეს იყო რთული, მაგრამ საინტერესო სამუშაო. ამ ხუთნახევარი წლის მანძილზე ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში ჩვენი არაერთი საინტერესო სტატია დაიბეჭდა, – The Lancet, The British Medical Journal, და ა.შ. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რამდენიმე ანგარიში.
ამავე პერიოდში არაერთი გამოსვლა მქონდა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში, მათ შორის, ლონდონის ლორდთა პალატაში და ა.შ. ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე ურთიერთობა გლობალურ ბიზნესებთან, რომლებიც ჩართული არიან ჯანდაცვის პროცესებში.
ამ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, რაიმე სასარგებლო გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ყოველთვის ვცდილობდი საქართველოს პოპულარიზაციას, საქართველოში ჩამოვიყვანე გაეროს გენერალური მდივნის ათივე მრჩეველი, ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები თბილისში, ჩემს სახლში მყავდა დაპატიჟებული, გვქონდა სამუშაო შეხვედრებიც პარლამენტში. დავათვალიერებინე და შევაყვარე საქართველო“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
コメント