06/07/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გუშინ, 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. ძალადობა დაგმო და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ყველა დამნაშავე პირი, რომელმაც ჟურნალისტების სისხლში ხელი გაისვარა, შესაბამისად დაისაჯოს.
„რაც მე გადავიტანე: ლანძღვა, გინება, ხომ ავიტანე? მიჩვეული ვარ, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. ის, რაც მოხდა, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრებისთვისაც მიუღებელია. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ ხელით შეეხო?!
ერაყში ომია, კლავენ ხალხს, თავს აჭრიან, იქ ჟურნალისტებს არ გაუკეთეს ის, რაც აქ საქართველოში. გონზე მოდით. აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი იყო იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი აწეულიყო, არამარტო მე, ათასობით ქართველი აკეთებდა ამას და ერთმა დღემ ეს ყველაფერი ჩამოანგრია.
მელია ხომ დაიჭირეთ, კამერების მეშვეობით, გუშინ ვინც ეს ხალხი სცემა, ყველა უნდა იყოს ციხეში. რაც მე მაქვს ნალაპარაკევი, რომ საქართველო ძალიან მაგარია, უცხოელები გვიყვარს, ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვაში.
ექსპერტს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღირსეული ნაბიჯიც არ გამოჰპარვია. ამისთვის მან ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა !“, – დაწერა ფხაკაძემ იმ ვიდეოს აღწერაში, სადაც პრეზიდენტი დაშავებული მედიის წარმომადგენლების მონახულების შემდეგ კლინიკაში საუბრობს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ძალდობრივი ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ეს არ არის საქართველო, რომელსაც იცნობს.
„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!
მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.
მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.
მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისკენ!
მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას,”- თქვა პრეზიდენტმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments