13/11/2020
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ჩმისი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე.
მისი თქმით, ქვეყნის მკაცრი ჩაკეტვა ეპიდვითარებას შეამსუბუქებს და არსებული ვითარებიდან უფრო სწრაფად გამოვალთ.
„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, - რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს.
ჩვენ ბოლო 2 კვირა რომ შევადაროთ საბერძნეთი, თურქეთი თუ ჩვენი მეზობლები, პრაქტიკულად ერთ დონეზე ვართ სიკვდილიანობის თვალსაზრისით. თურქეთი და საქართველო თითქმის ერთ დონეზე რომ იქნება წარმოიდგინეთ, ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი“ , - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინამ, რომელზეც "ფაიზერი" მუშაობს, გაცნობის შემდეგ კითხვის ნიშნები დაუტოვა.
„ვაქცინის დამტკიცება არ არის იოლი მომენტი. როდესაც წავიკითხე „ფაიზერის“ ტექნიკური პრესრელიზი, 90% გამიჩნდა უფრო მეტი კითხვის ნიშანი, ვიდრე პასუხი. უზუსტობა იყო თვითონ ტექსტში, ბევრი რაღაც თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩემთვის დასამტკიცებლად რომ მოსულიყო ეს ვაქცინა პირველივე ეტაპზე ვეტყოდი, რომ აქ რაღაც არასწორია. ეს ტექნიკური მომენტია. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია.
ვაქცინა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მე ვაქცინის ძალიან დიდი მომხრე ვარ. რატომ ვარ მოწინააღმდეგე ამ არასწორი ვაქცინის? იმიტომ რომ თუ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას არასწორ ვაქცინას, ჩვენ მივაყენებთ უფრო დიდ ზიანს მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელიც ძალიან კარგია, გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე. არასწორმა ვაქცინამ შესაძლოა მიაყენოს ზარალი იმ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია და კარგად მუშაობს მსოფლიოში. იმიტომ ვარ ძალიან სკეპტიკური, ფრთხილად უნდა ვიყოთ არ უნდა დავუშვათ შეცდომა“, - განაცხადა ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:
„პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. არ იჯდეთ დახურულ კარებში. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია, დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა “.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments