01/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ჩემი მოსაზრება არის ასეთი: – ქვეყანას ხსნი ან ქვეყანას კეტავ! ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ტრანსპორტი არის ხალხით გადაჭედილი და სასაფლაოზე გასვლაა პრობლემა?! ვითომ დაკეტვები არის თავის მოტყუება!
სასაფლაოების დაკეტვა აღდგომის დღესასწაულის დღეებში არის უნიათობა და არაპროფესიონალიზმი, არაპროფესიონალური მავნებლობა!
ვიცით, რომ ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას, ინდური შტამი გავრცელდა ჩვენს რეგიონში და ალბათ, საქართველოში იქნება შემოსული. თურქეთი ჩაიკეტა, ალბათ, აზერბაიჯანიც ჩაიკეტება მალე, რუსეთშიც კი ვეღარ მართავენ პანდემიას. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, ძალიან მძიმე გარემოა გარშემო“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
ვრცლად ნახეთ:
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია – სტუმარი გიორგი ფხაკაძე – ესაუბრება ჟურნალისტი მეგი საჯაია -ვიდეო
ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა, ორი უჩვეულო მუტაცია: E484Q და L425R. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რეგიონში ეს მაჩვენებელი 60% -ზე მეტია. ვარიანტს დაერქვა B.1.617. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები. ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი ამორურულია. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა. ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.
ინდოეთი დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში მოხვდა სამოგზაუროდ. ინდოეთი ებრძვის ინფექციების გამანადგურებელ ზრდას და კორონავირუსის ახალ ვარიანტს.
რა ვიცით ახალი ვარიანტის შესახებ?
კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, – მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q და L425R-ს შეიცავს.
რამდენად საშიშია
Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან. ცდილობენ დაადგინონ, რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია, მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.
L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
სანგერის ინსტიტუტის Covid-19 გენომიკის ინიციატივის ლიდერმა, ჯეფრი ბარეტმა თქვა, რომ ინდური ვარიანტი არ შეიძლება იყოს ისეთი პრობლემური, როგორც სხვა ვარიანტები, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. ეს ვარიანტი დაბალ დონეზე არსებობდა ინდოეთში.
შეშფოთებას ხელს უწყობს ჯანმრთელობის კანადის უახლესი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს,- კორონავირუსით ინფიცირებული მგზავრები ნაპოვნია 27-ე რეისზე, რომლებიც 4-დან 14 აპრილამდე დელიდან ჩამოდიოდნენ კანადაში.
COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველოში 29 აპრილს გვიან ღამით ჩინური “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. “სინოფარმზე” რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს, მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია. 30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Commentaires