top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია“

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

„ლიბერალი“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე ჯანდაცვის ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა. გიორგი ფხაკაძე პროფესიით ექიმი-ქირურგია; ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დღესდღეობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს (IAP) წევრი.საუბრის დასაწყიში - მოკლედ თქვენ შესახებ და იმის შესახებაც, საქართველოსთან როგორ არის დაკავშირებული თქვენი პროფესიული საქმიანობა?


პირველ რიგში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ეს უკვე მაკავშირებს საქართველოსთან. ძალიან მაინტერესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებები და საქართველოში მისი განვითარება. ამ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ვმუშაობ;

მეორე - როგორც გენერალური მდივნის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი. თებერვალში ჩემი ინიციატივით საქართველოში, ამ საბჭოს სხვა წევრები ჩამოვიდნენ. ჩატარდა უმაღლესი დონის შეხვედრა. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში იყვნენ მაღალი დონის ექსპერტები და მრჩევლები, რომლებიც მაღალი დონის პოლიტიკურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს მსოფლიოში ჯანდაცვის სფერო.

მეც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ. შეხვედრა გაიმართა პარლამენტში. ჩვენ ბორდის წევრებს საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები გავაცანით. საბჭოს, რომლის წევრიც თქვენ ხართ, ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის გაერო-ის 2016-2030 წლების სტრატეგიის განხორციელების პროცესს აკვირდება. რას გულისხმობ ეს სტრატეგია?

ეს არის სტრატეგია „20-30“. ჩვენი გუნდი ძირითადად სტრატეგიის მესამე ნაწილზე მუშაობს. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს სტრატეგია 17 თემას მოიცავს. ერთ-ერთია ჯანდაცვა. ჩვენ, როგორც უმაღლესი გუნდის წევრები, რჩევას ვაძლევთ გენერალურ მდივანს და ექვს დიდ სააგენტოს მსოფლიოში, რომლებიც ჯანდაცვის მიმართულებით გლობალურად 6 მილიარდის დაფინანსების ვალდებულებას იღებენ.

ეს არის გრძელვადიანი გეგმა/ხედვა. როგორც წესი, ჯანდაცვაში მცირე სტრატეგია 5-წლიანი, საშუალო - 15-წლიანი და გრძელი კი 30-წლიანია. როცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ჯანდაცვაში ერთწლიანი მოკლევადიანი სტრატეგია შეადგინეს, არ ვიცი, რას გულისხმობენ. ჯანდაცვაში მოკლევადიანი სტრატეგია შეიძლება იყოს 5-წლიანი, ასეა განათლებაშიც. ეს არის გლობალური სტრატეგია „2030“. მას აქვს 200-მდე ინდიკატორი და თითოეულ ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ ეს ინდიკატორები გააუმჯობესოს. როგორ გამოიყურება საქართველო ამ ინდიკატორებთან მიმართებით?

პროგრესი გვაქვს ბევრი მიმართულებით. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვამ მოგვცა საშუალება, გლობალურად მოიცვას მოსახლეობა. ასევე სხვადასხვა სტრატეგიაა შექმნილი ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა განახორციელოს. თუმცა განხორციელებას სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა. საქართველოში ძირითადი სიძნელეები ჯანდაცვის ხარისხს უკავშირდება. ჩვენ უნდა გვქონდეს რეალური ინფორმაცია, რა ხდება სფეროში. თუ არ ვიცი, რა ხდება, გამოდის, რომ არ ვიცით, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, მე ვსაუბრობ რეალურ სტატისტიკაზე. რა ტიპის მონაცემებს გულისხმობთ? გვინდა გვქონდეს რეალური წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხთან მიმართებით.

ავიღოთ საქართველოში სიკვდილიანობის ციფრი. ეს დიდი ციფრია, მაგრამ დაუდგენელია გარდაცვალების მიზეზი. 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დაუდგენელია სიკვდილის მიზეზი, ეს ჯანდაცვისთვის დიდი პრობლემაა.

თუ არ გაქვს კარგი სტატისტიკა, შეიძლება ივარაუდო შენი გეგმები. მეცნიერებაში კი ვარაუდი არ შეიძლება. უნდა იცოდე, საით მიმართო ძალისხმევა. შეიძლება პრევენციაში დახარჯო ფული, მაგალითად, ბავშვებს ვასწავლოთ ხუთი სხვადასხვა ტიპის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღონ და 20 წელიწადში გვექნება ნაკლები ინსულტი, სიმსუქნე და დიაბეტი.

ერთ-ერთი მსხვილი პრობლემა, რომელიც ჯანდაცვაში გვაქვს, ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლება. თუ არ გაიარე გადამზადება, არ უნდა გქონდეს სამუშაოს გაგრძელების უფლება. მაღალი დონის ექიმის ამოცნობა ჩემთვის ძალიან მარტივია - რამდენი სტატია აქვს დაწერილი თავის სფეროში და რამდენ კვლევაში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც ვიცი, ექიმის პროფესიონალიზმის შესაფასებლად ერთ-ერთი ინდიკატორი ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაც არის?

არა, ეს არის რაოდენობრივი და არა ხარისხობრივი მაჩვენებელი. აქ მოსახლეობა ცდება. თუ ექიმმა ჩაატარა 1000 ოპერაცია, არ ნიშნავს რომ კარგად ჩაატარა. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, მაგრამ ამასთან ერთად შენ ხარისხობრივი ინდიკატორიც უნდა გქონდეს. მედიცინა ყოველ წელს კი არა, ყოველდღე იცვლება. თქვენ რამდენიმე მსხვილი პრობლემა დაასახელეთ: სტატისტიკა, რეალური სურათის არასათანადო ცოდნა, პრევენცია, სადაც თანხასაც ნაკლებს ვხარჯავთ, და უწყვეტი სამედიცინო განათლება.


თქვენ საუბრობდით ექიმების კონტინგენტის პროფესიონალიზმსა და გადამზადებაზე. ჩემი კითხვა უკავშირდება სამედიცინო განათლებას. როგორ აფასებთ საქართველოში სამედიცინო განათლების სისტემას?

ჩემი აზრით, ჯანდაცვის მიმართულებაზე სწავლა ინგლისურად უნდა იყოს. ყველა კვლევა და ლიტერატურა, რომელიც საჭიროა ამ სფეროში, ინგლისურ ენაზეა.

თუ ხარისხიანი სამედიცინო განათლება გვინდა, უნდა გადავიდეთ ინგლისურად სწავლებაზე. მოქმედ ექიმებსაც უნდა ვასწავლოთ ინგლისური.

რაც შეეხება სამედიცინო განათლებას, თანხვედრა ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ხშირად არის. ამ ორ სექტორს შორის ურთიერთობა ზედაპირულია. ზოგჯერ ბაზარი სამედიცინო სექტორზე წინ არის, ან პირიქით. მაგალითად, ტვლიდიანის სტუდენტები უფრო წინ არიან, ბაზარი მზად არ არის მათ მისაღებად. ამიტომაც ამ უნივერსიტეტის კურდასამთავრებულთა 70% ამერიკაში მიდის. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი.

ჯანდაცვის სისტემაში გვაქვს ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არის დაწესებულებების აკრედიტაცია.

მე ამ თემის ექსპერტი ვარ. ამ აკრედიტაციის სისტემის დანერგვაში სხვადასხვა ქვეყანას ვეხმარები.

რა ინდიკატორს უნდა დაეყრდნოს არასპეციალისტი ადამიანი, რომ განასხვავოს კარგი და ცუდი საავადმყოფო? - ამას სჭირდება ორგანო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ იქნება სახელმწიფო.

რამდენიმე მაგალითს გეტყვით: როცა ბერუთში ვმუშაობდი, გავეცანი ასეთ პროგრამას - პირველადი ჯანდაცვის სფეროს აკრედიტაცია.

ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ენდობოდა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაექირავებინა დამოუკიდებელი სააკრედიტაციო სააგენტო. ეს იყო ამერიკული სააგენტო. 500 პოლიკლინიკიდან აკრედიტაცია მიიღო 300-მა. ოღონდ ეს არ იყო სადამსჯელო ორგანო. ვინც ეს აკრედიტაცია ვერ მიიღო, მათ ეს სააგენტო ინდიკატორების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ეს იყო 5-წლიანი პროექტი. თან აკრედიტაციია სამუდამო არ გეგონოთ, რეაკრედიტაცია ყოველ 3 წელიწადში ხდება.

არაბულ ქვეყნებში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მოიწვიეს ორგანიზაცია „ჯოინთ ქომიშენი“, რომელმაც საავადმყოფოების აკრედიტაციის სისტემა გადაიბარა. შეთანხმების მიხედვით, ორგანიზაცია აკრედიტაციის პარალელურად ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი სააკრედიტაციო სააგენტოს ჩამოყალიბებაში უნდა დახმარებოდა.

მესამე მაგალითი - ამერიკაა. საავადმყოფო არ შეიძლება იყოს ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, თუ არ აქვს „ჯოინთ ქომიშენის“ აკრედიტაცია. ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი ხასიათის ცვლილებები გაატარა - სამშობიაროები, რომელმაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტი, გამოეთიშნენ სახელმწიფო პროგრამას.

იცით თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ? ჰგავს თუ არა ეს აკრედიტაციის მცდელობას? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის?

როცა აკრედიტაციის სისტემა ყალიბდება, ყველა აქტორი უნდა დაჯდეს და შეთანხმდეს, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ამასთან ყველა პოლიტიკურ პარტიასთან უნდა იყოს კონსენსუსი. ჯანდაცვა მოკლევადიანი გადაწყვეტილებების სფერო არ არის. ერთი ექიმი, რომ კარგად გაზარდო 25 წელი გჭირდება. მე ვთვლი, რომ ეს არის კარგი პროცესი.

პროცესს რაც შეეხება, თუ გინდა, რომ ნდობა მოიპოვო, ინდიკატორები უნდა იყოს გამჭირვალე და მის ჩამოყალიბებაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველაზე კარგია, როცა მედიაციას საერთაშორისო ექსპერტი აკეთებს. მე, მაგალითად, სხვა ქვეყნებში ვაკეთებ ამას და რომ ვუყურებ, ძალიან მინდა, რომ მცირე კონტრიბუცია სხვადასხვა მცირე ნიშების გაუმჯობესებაში ქართულ ჯანდაცვაშიც შევიტანო. ექიმების სერთიფიცირებაზე რას ფიქრობთ? იყო აქ ასეთი იდეაც. თუმცა სახელმწიფოს მიერ ამ პროცესის განხორციელებას ექსპერტთა ნაწილი, კორუფციასთან დაკავშირებული რისკების და არა მხოლოდ ამ რისკების გამო, ეჭვის თვალით უყურებს.

ახალი ბორბლის გამოგონება არ არის საჭირო. ავიღოთ ის, რაც არსებობს. როცა ჩვენ ექიმის კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყველა ქვეყანაში მიღებულია, სტანდარტი უნდა იყოს ცენტრალიზებული, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მინიმალური სტანდარტი. და როცა ვსაუბრობთ სამედიცინო დაწესებულებებზე, თავად საავადმყოფომ უნდა განსაზღვროს. მე კომუნიზმის არ მჯერა, ყველაფერი ცენტრალიზებული არ უნდა იყოს. სახელმწიფო უნდა იყოს სტანდარტების დამდგენი და ბაზარმა უნდა უყუროს ამ რეგულაციებს. როცა შენ რეგულაციები არ გაქვს, ბაზარი ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს ეკონომიისთვის. სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში მხოლოდ სწავლების ინგლისურ ენაზე გადასვლა ახსენეთ ...

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უწყვეტი განათლება უნდა იყო მთელი პროცესის ნაწილი. როცა ექიმი ხარ, სიკვდილამდე უნდა ისწავლო. სწავლებაში პაციენტზე ორიენტირებული განათლება უნდა იყოს. დღეს ზოგიერთი უნივერსიტეტი „სემააშკოს“ დროინდელი ჯანდაცვის სისტემის მიხედვით ასწავლის სტუდენტებს.

სად უნდა ისწავლოს რეზიდენტმა? უნდა ისწავლოს კლინიკაში, სადაც დილით იმართება კონსილიუმები. გამეცით პასუხი რამდენ საავადმყოფოში იმართება დილას 8 საათზე კონსილიუმი და მე საუბარს ამ შეკითხვით დავასრულებ.

კონსილიუმი არის შემთხვევების განხილვა. საქართველოში მეორე პრობლემაცაა - ჩვენ გვეშინია კრიტიკის. ვიღაცამ რომ გითხრას, რომ არასწორად უმკურნალეო, ვუპასუხებთ - ეს რა მაკადრეო. პროფესიული დისკუსია არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდო და შეცდომებზე ისწავლო ან სხვისგან ისწავლო. ეფექტიანად ვერ ხერხდება დაავადებების პრევენცია, რაც საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენა პირველ და მეორე სტადიაზე დაბალია.

შეაფასეთ ქართული ჯანდაცვის სისტემა პრევენციის ნაწილში. რა უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფომ პრევენციას მეტი თანხა და ყურადღება დაუთმოს.

დღეს პრევენციაში ჩადებული 1$ 5 წელიწადში მოგებული 100 ლარია. პრევენციის გარეშე ფიზიკურად წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა დავინახოთ, სად გვეხარჯება რესურსი და სად გვჭირდება პრევენციაში მიზნობრივი ინტერვენცია.

თამბაქოს კანონს რომ მიიღებენ, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ არ ვართ ძლიერი და მდიდარი ქვეყანა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. პრევენციისთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტული პრობლემების მოგვარებისკენ უნდა მივმართოთ.

ზოგადად, ჯანდაცვაში რევოლუციები მიზანშეწონილი არ არის. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომელიც ევოლუციურად უნდა განვითარდეს თავისი შეცდომებითა და წარმატებებით. რადიკალური ცვლილებები მავნებელია.

რთულია გრძელვადიანი სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ზოგ ქვეყანაში ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ვინც არ უნდა მოსულიყო სათავეში, ამ სფეროში რაღაც მიმართულებები არ შეიცვლებოდა.

ჯანდაცვის რეფორმაში ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტია მოვა. ყველა გადაწყვეტილება ევოლუციისა და კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს - ამ ორ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 15 წელიწადში წინსვლა გვექნება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





31 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page