top of page

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში“-გიორგი ფხაკაძე

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით და საქართველოში ანაფილაქსიური შოკით დაღუპული ექთნის შესახებ გვესაუბრა.


გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს.


გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მეგი ბაქრაძე არის სიმბოლო, მეგი არის ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის.


მისი თქმით, მეგი ბაქრაძემ გააკეთა ის, რაც არის სამაგალითო. ეს სამძიმარი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის მიმართ, ეს არის მთელი სამედიცინო პერსონალის მიმართ.


„ეს ორი დღე ლაივი ვერ გავაკეთე, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მეთქვა.


პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ჩემი კოლეგის, ექთნის ოჯახს, რომელმაც ნამდვილად გააკეთა ის, რაც ბევრმა ადამიანმა ვერც კი გაბედა. მეგი ბაქრაძემ გააკეთა ის, რაც არის სამაგალითო. ეს სამძიმარი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის მიმართ, ეს არის მთელი სამედიცინო პერსონალის მიმართ. ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ. ეს არის ჩვენი, ყველას ტკივილი, როცა გავიგე გუშინ ჩემი კოლეგის ამბავი, ძალიან ვინერვიულე. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა კარგად, ძალიან დიდი იმედი მქონდა…


დილას როცა გავიგე მეგის გარდაცვალების ამბავი, საერთოდ წავიშალე. რა უნდა თქვას ადამიანმა? ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, მაგრამ ისეთი ემოციების ქვეშ ვიყავი, უარი ვუთხარი. ახლა ოდნავ დავწყნარდი, მაგრამ ეს დაწყნარება ეხლა გადადის უდიდეს ბრაზში, რომელიც ასევე დაგროვილია თითოეულ თქვენგანში.


მეგი ბაქრაძე არის გმირი. გმირობა მარტო ის არ არის, რომ მაინცდამაინც ტანკის წინ დადგე. მეგი არის დღევანდელობის გმირი, ვუყურებდი მის ვიდეოს, ალბათ 30-ჯერ მაინც ვნახე, ვფიქრობდი, მე, გიორგი ფხაკაძეს, რა შემეძლო გამეკეთებინა, უკეთესად გამეკეთებინა!..


ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდი ერთი პატარა რაღაც მაინც გამეკეთებინა, ეს პრობლემები რომ არ ყოფილიყო, შეცდომები აგვეცილებინა თავიდან. საქართველოში ხომ მაგრები ვართ ყველანი, პურმარილი ვიცით კარგი და ლანძღვა-გინება! მეგისნაირი ადამიანების დაფასება კი არ ვიცით! მეგი არის გმირი, არის ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესია დააყენა ყველაფერზე მაღლა. მჯერა, რომ მეგი ბაქრაძემ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მას სჯეროდა და უყვარდა თავისი პროფესია.


ზოგი გამოვარდება, ვითომ მორწმუნეა, ზოგი გამოვარდება, ვითომ პატრიოტია, ზოგი გამოვარდება, ვითომ ექიმია, კარგით რაა! ყველაფერს აქვს საზღვარი!!!


24 საათი ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, იქნებ შეიგნონ, მაგრამ – არა! ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით!


მეგი მოიქცა სწორად. მეც რომ ვყოფილიყავი მეგის ადგილას, მეც ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. მეგი არის ჩემი კოლეგა, კოლეგა კი არა, უფრო მეტი, ძალიან დიდი კოლეგა! მას არ შეეშინდა და გააკეთა ის, რაც თითოეულმა სამედიცინო პერსონალმა უნდა გააკეთოს, უნდა აჩვენოს მაგალითი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს მაგალითი უნდა დავაფასოთ! მე ახლა ვამბობ, როგორც ექიმი, მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე ვაქცინაციის და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა მედიცინაში. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, სწრაფად რომ გავანადგუროთ ეს ვირუსი, მაგრამ რის ფასად?! კიდევ რამდენი სიკვდილი უნდა იყოს?! მოუმზადებელი, არაპროფესიონალი, კორუმპირებული, განადგურებული, პოლიტიზირებული, გაყოფილი, ვაიპატრიოტები, ვაირელიგიურები, ვაისატანისტები, ვაიმასონები! – ვინ ხართ თქვენ?!


როცა ხარ ამ პროგრამის ხელმძღვანელი, ყველა რისკი უნდა გათვალო. ბევრ რამეს საჯაროდ ვამბობ და ბევრი რამ არასაჯაროდაც გავუზიარე, ვისთანაც იყო საჭირო, გაიტანეს ეს საკითხი და რა პასუხი იყო?! – ყველაფერი კარგად არისო! მე ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად არ არის, ფრთხილად იყავით!


მეგი ბაქრაძე არის სიმბოლო, მეგი არის ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის. ის ადამიანები, ვინც ახლა ამბობენ, რომ ვაქცინაცია არ გვინდა საქართველოში, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ არა მარტო მეცნიერებას, არა მარტო ექიმს, არამედ იმ ქართველ გმირს, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა, გაწირა ის, რაც ყველაზე ძვირად ღირებული აქვს ადამიანს – თავისი სიცოცხლე, ვაქცინაცია რომ განხორციელებულიყო საქართველოში! ვინმემ როგორ უნდა გაბედოს და თქვას, ვაქცინაცია არ გაკეთდეს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდან ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ექიმი ხარ თუ არა, რელიგიური ხარ თუ არა, – ხომ ხედავთ, რომ დედამიწა იწვის!


წარმოიდგინეთ, არა თბილისში, არა ქუთაისში, არამედ რაიონში, პატარა საავადმყოფოში, ჩვენ გვყავს გმირი, ამას ჰქვია პროფესიონალი, – ბევრმა პოლიტიკოსმა ვერც კი გაბედა ამის გაკეთება! თავს ვიხრი მეგის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე, იმიტომ, რომ ოჯახმა გაზარდა ასეთი ადამიანი. მეგის მშობლები ახლა არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ამის წარმოდგენაც არ მინდა, ისეთი საშინელი ტკივილია ოჯახისთვის!


დილას რომ ავდექი, ვიფიქრე, საერთოდ ტელეფონს არ ჩავრთავ, ლაივს არ ჩავრთავ, საერთოდ გავჩუმდები, რადგან ვერ შევძელი ამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლის შენარჩუნება! ყველაფერს ვაკეთებდი ამისათვის!


ყოველდღე გელაპარაკებით, გაფრთხილებთ, გაფრთხილებთ, გაფრთხილებთ, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ?!


გელაპარაკებით პირბადის შესახებ, ორმეტრიან დისტანციაზე, ხელების დაბანაზე, გაფრთხილებდით, ჩაკეტეთ ეს ქვეყანა, გაფრთხილებდით – ვაქცინა შეაჩერეთ! მე არასოდეს მითქვამს – გააჩერეთ, გითხარით – შეაჩერეთ, დაელოდეთ დასკვნას!


ძალიან ბევრ ექიმს ვცემ პატივს, მაგრამ ძალიან ბევრი ექიმი უნდა წავიდეს სახლში! თუ ასეთი მაგარი ხარ, იმ სხდომებზე რომ ზიხარ, რატომ არ იღებ ხმას და რატომ არ ამბობ სიმართლეს?! სიმართლის მთქმელი არავინ არის ამ ქვეყანაში, ვერ ხედავთ?!


ძალიან ბევრ შეურაცხყოფას მაყენებენ. გაფრთხილებთ, გეუბნებით – ცეცხლია, გეუბნებით – ომია, გეუნებით – უბედურებაა, რა ენით უნდა გელაპარაკოთ?! ვცდილობ სამედიცინო ენაზე არ გელაპარაკოთ, ვცდილობ სითბო, სიყვარული დავთესო. გადაცემები დავიწყე მამა პეტრესთან, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში. დავინახე, ძალიან ბევრ მორწმუნე ადამიანს დახმარება სჭირდება და მაქვს საუბარი მამა პეტრესთან. ამის გამო მლანძღავენ – შენ ფარისეველი ხარო! მითხარით, რა უნდა გავაკეთო კიდევ?! ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, თუ რამე შემიძლია. მთავრობიდან დამირეკავენ – კი ბატონო, ვაძლევ რჩევებს. არ აკეთებენ! სადაც საქმეს ვაკეთებ და ფულს მიხდიან, იმ საქმეს გადავდებ, როცა საქართველოდან მირეკავენ! შეურაცხყოფის ზღვა მოდის, ამოვიდა უკვე ყელში!!!


სტრესი დამემართა! დღეს იყო საშინელება, დაბნეული დავდიოდი მთელი დღე. მოდის ათასობით მესიჯი, შეკითხვებს მწერენ! სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში. სახელმწიფო სამსახურში ერთი კომუნისტი არ უნდა იყოს! მე რომ მკითხო, არც პარლამენტში უნდა იყოს!


ხომ იცით, რაც მოხდა!.. ვინც ხართ დამნაშავე!


ჩამოვთვლი, რაც იყო შეცდომები: 82 ექსპერტო, რომლებმაც ე.წ. ვაქცინაციის გეგმა გააკეთეთ, ხომ გითხარით, რომ ეს არის „სადღეგრძელო“, არ არის მზად საავადმყოფოები, 551 მულტიპროფილური საავადმყოფო რომ იქნება საქართველოში, დაფიქირდით! ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი. ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული! გაანადგურეთ ქვეყანა! 82 ადამიანის სია გამოაქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტრომ! 82 ადამიანი, ექსპერტი, ვინც იღებდა მონაწილეობას ვაქცინაციის პროგრამაში, ვინც დაწერა ვაქცინაციის პროგრამა, მაგათი სახელები, გვარები, თანამდებობა და განათლება გამოაქვეყნეთ! ერთი სადოქტორო მაინც თუ აქვთ?! ექსპერტი ნიშნავს, მინიმუმ, სადოქტორო უნდა გქონდეს დაცული. გეუბნებით – ეს არის დასასრულის დასაწყისი! მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი! ეს არის კორუფციის მსხვერპლი! ეს არის დაუდევრობის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიზირების მსხვერპლი! ეს არის სუსის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი! ყველანი ხართ დამნაშავე! ვაქცინა არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის!


ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყვის, რომ ვაქცინის წინააღმდეგი ვარ, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა! ერთ მშვენიერ დღეს ამოყოფთ თავს იქ, ზემოთ და რა პასუხს გასცემთ მეგის, რას ეტყვით?! ადამიანმა გააკეთა ის, რაც იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს, მაგრამ მეგიმ ვერ გათვალა ის, რომ ენდო სახელმწიფოს, ენდო სისტემას, ის ენდო ადამიანებს, ვისიც სჯეროდა სულით და გულით, მაგრამ არავინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას! საჯაროდ დაიდოს, ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, იმ 82 ექსპერტის სახელები, გვარები, თანამდებობა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ვაქცინაციის პროგრამის შემუშავებაში. არაერთი წერილი იყო გამოგზავნილი ჯანდაცვის სამინისტროში და პასუხი იყო ზოგადი, ბუნდოვანი. წერილის გაგზავნას აღარ ვაპირებ. სანამ თავზე არ დაგემხოთ ყველაფერი, გონზე მოდით დროზე! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ცუდად არის საქმე, ძალიან ცუდად! – ვინ ხართ, რა ხართ, ამდენი ტყუილი როგორ შეიძლება?!


ხომ იცით, რასაც ვამბობდი, ყველაფერი მოხდა, რასაც ეხლა ვამბობ, ისიც მოხდება. ერთი რამ დაასახელეთ, რაც გიორგი ფხაკაძემ თქვა და ის არ მოხდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გეუბნებით – არც ვანგა ვარ და არც კაკულია – მეცნიერი ვარ, ვიცი, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს, სტრატეგიული ხედვა მაქვს და რა ვქნა?! ვეუბნები, – მივდივართ უფსკრულისაკენ და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო! ხომ გაფრთხილებდით ნოემბრის თვეში რაც იქნებოდა! ვაქცინაციაზე ხელი არ გაგინძრევიათ, სანამ ფხაკაძე არ გამოვიდა და არ გაგლანძღათ და მერე? – მერე გაინძერით! შემდეგ დაიწყეს ფუსფუსი. მანამდე სად იყვნენ?! იჯდნენ და ელოდნენ. ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ვაქცინაციის აპლიკაცია არასწორად შეავსეს, მოლაპარაკებები არასწორად აწარმოეს. დამირეკე, შემეკითხე! გაფუჭებულ საქმეს ხედავთ?! ვნერვიულობ და ემოციურად ვლაპარაკობ, – მაპატიეთ! მეც ადამიანი ვარ, არა ვარ რკინა და ფოლადი! შემიძლია ყველაფერი ავიტანო, მაგრამ როცა ვხედავ ასეთ უსინდისობას, უსამართლობას… კორუფცია კიდევ ჯანდაბას, ფული აქვს გასაკეთებელი ადამიანს, მაგრამ უსამართლობას და ტყუილს ვერ ვიტან!


მეგი ბაქრაძის გამო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე.


პირდაპირ ვიტყვი, არ დავმალავ, რამდენიმე დღის წინ მე დავაყენე საკითხი ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან, როცა იყო საუბარი ვაქცინებთან დაკავშირებით. მინდა ჩემი პოზიცია ვაქცინებთან დაკავშირებით იყოს ძალიან მკაფიო. მე, გიორგი ფხაკაძე ფიზიკურად ვერ ვიქნები ვაქცინების წინააღმდეგი, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – მორჩა, წერტილი! როცა ვამბობ, ვაქცინაციის პროგრამა უნდა გაკეთდეს, – უნდა გაკეთდეს სწორად, პროფესიონალურად არა კოპი-ფეისთად – შევარდნაძის დროინდელი კონსულტანტები რომ აკეთებენ სისულელეებს. არ შეიძლება ასეთი არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, კორუფცია და ყველაფერი იყოს ასე არეული.


ველოდებით 82 ექსპერტის სიას, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მათგანზე. როცა ვუყურებ ნებისმიერ საკითხს, ჯერ ვუყურებ ცუდის მხრივ, რა შეიძლება ცუდი მოხდეს, კარგი ისედაც მოვა და ისედაც კარგად იქნება. პირველი, რაც მე გავაკეთე – ყველას ვეკითხებოდი, ვთქვათ, ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა და მოხდა რამე, ჩემს ლაივებში ვსაუბრობდი… გახსოვთ ალბათ „ქალბატონი მარო“ – ჩემი ვირტუალური ქალბატონი მარო გახდა რეალური გმირი. მე დავსვი ორი საკითხი, პირველი – ადამიანი როცა გაიკეთებს ვაქცინას და დაემართა რაიმე გართულება, რას ვაკეთებთ?! რა არის გეგმა?! რა არის პროტოკოლი?! სუფთა სამედიცინო კუთხით დაცულები რომ ვიყოთ. ახლა გაახსენდათ თურმე, ხულოში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება შესაბამისი პირობების უქონლობის გამო. არ იცოდით მანამდე? რაიონებში ფიზიკურად შტატი არ არის, ცარიელია საავადმყოფოები, ფიზიკურად არ ჰყავთ ექიმები! ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი თუ დაინვალიდდა, ვინ არის პასუხისმგებელი?


თქვენ შეიძლება არ იცით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შეიტანა ცვლილება – თუ ვაქცინა იქნება ცუდი და ვინმეს რამე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს სახელმწიფო და არა მწარმოებელი!


შეკითხვა მაქვს სახელმწიფოსთან: რატომ არ არის ეს ინფორმაცია საჯარო?


მე ბევრმა ექიმმა მომმართა, როცა ვაქცინაცია დაიწყო, ჰქონდა ტემპერატურა, ვერ მიდიოდა სამსახურში და საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, რომ არ მისცემდა გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ადამიანმა ვაქცინა გაიკეთა, აქვს ტემპერატურა და არ აძლევენ ბიულეტენს. არ გაქვთ სისტემა აწყობილი! ელექტრონული სისტემა ვერ გააკეთეთ! ეს არიან პენსიონერი კორუმპირებულები. გეუბნებით, ციხეში ამოყოფთ თავს საბოლოო ჯამში! წადით დროზე, დაანებეთ ხალხს თავი! ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება – „შუშა ტყდება ძალიან იოლად“ – გამგები გაიგებს! ბოდიში მოიხადეთ და წადით ისე.


ახლა შექმნეს კომიტეტი. კომიტეტები უნდა შექმნილიყო ერთი წლის წინ. როცა შენ გადაიხადე ფული გავიში, სექტემბერ-ოქტომბერში, – აქამდე რას აკეთებდით და რას ელოდებოდით?! ამბობთ, ტრენინგები ჩაატარეთ, – კარგით რა, რა ტრენინგები ჩაატარეთ?! ტრენინგი არის მუდმივი პროცესი.


ძალიან ვნერიულობ და ძალიან დაბნეული ვარ, ერთი თემიდან გადავდივარ მეორეზე.


საქართველოში გაანადგურეს ექიმების მიმართ რწმენა! ექიმის მიმართ რწმენა რომ დაეკარგება ადამიანს, ავად რომ გახდება, ვიღას უნდა ენდოს?!


ვამბობდი, თუ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა, რა პროტოკოლი გაქვთ, რას ვაკეთებთ, რა სახის კომპენსაციებია და ა.შ. აზრადაც კი არ მომდიოდა, ეს თუ მართლა მოხდებოდა ქვეყანაში, ანაფილაქსიური შოკით დაიღუპებოდა ადამიანი. ანაფილაქსიური შოკით აფრიკაში აღარ კვდება ადამიანი. იქაც კი მართავენ პაციენტს. ამ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული.


მე ვთქვი, ვაქცინის შემდეგ ადამიანი თუ გარდაიცვლება, 1 მილიონი ლარი დადეთ კომპენსაცია, ძალიან ბევრი ხუმრობდა ჩემს ნათქვამზე.


შეკითხვა მაქვს, კომპენსაციის რა პაკეტი არსებობს, ადამიანი როცა გარდაიცვლება?! ეს უნდა იყოს დეტალური და საჯარო ყველასათვის. მე ვთქვი, ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ და მხოლოდ მომზადებულ დაწესებულებებში. ბევრმა ექთანმა არ იცის პაციენტების ბაზისური მართვა.


რაც უფრო ბევრს ლაპარაკობთ, უფრო მეტად უთხრით თქვენს თავს მიწას. არავინ საუბრობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სად არის საერთოდ გაწერილი გეგმა თავისი ფინანსური ინტსრუმენტებით. დაწერეს გეგმა და ახლა ამბობენ, მთლად კარგი არ არის! და ახლა აკრიტიკებ შენს გეგმას?! ზოგიერთმა ექსპერტმა ფულიც მიიღო ამ გეგმაში.


გიორგი ფხაკაძე არ იყიდება და ვერავინ იყიდის!


ვინ არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესში – ვის წირავთ? მე კი ვიცი, ვისაც გაწირავთ ბატკანივით, მაგრამ თავად თქვით!


რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას გამოყენება შეიძლება. მე ვამბობდი, რომ შეგეჩერებინათ ვაქცინის გაკეთება, არც ერთი ტელევიზია, არავინ დამკავშირებია ამ 10 დღის მანძილზე! არავინ! იმიტომ, რომ გიორგი ფხაკაძემ საჯაროდ თქვა – შეაჩერეთ ვაქცინა – და მაშინვე მიწოდეს ანტივაქსერი.


ევროპაში ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ნომერი ერთი. ჯანდაცვა არის უმაღლეს დონეზე. საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას ვაქცინა გამოყენებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ 55 წლის ზემოთ. დღეიდან საფრანგეთში ხელახლა მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას, დღეს, შუადღიდან უკვე შეიძლება ასტრაზენეკას გამოყენება 55 წლის ზემოთ.

გამოვედი ამხელა კაცი, ექიმი, პროფესორი, გეუბნებოდით, შეაჩერეთ ვაქცინაცია, ესე იგი, რაღაცა ვიცი. ხომ იცით, რომ ყველაფერს ვერ ვამბობ. რისი თქმაც შემიძლია, ვამბობ მაქსიმუმზე მეტს. ვეუბნებოდი, გვაცადეთ ორი დღე, – შეაჩერეთ ვაქცინაცია! ხომ გადარჩებოდა ახალგაზრდა ექთანი!


რეკომენდაციაა ვაქცინასთან დაკავშირებით, ვაქცინამდე ორი დღით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი – სასურველია, სანამ მეორე დოზას არ გაიკეთებთ. მეორე დოზის შემთხვევაშიც ალკოჰოლთან დაკავშირებით არის იგივე რეკომენდაცი. რაც შეეხება წამლებს, იმდენი ექსპერტია, იციან ჩემზე უკეთესად, არ დავიწყებ წამლების ჩამოთვლას, არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ; გარკვეული მიზეზების გამო თუ მიიღებთ წამალს, არ შეიძლება ვაქცინაცია, არსებობს ამ წამლების ჩამონათვალის ცხრილი, დაგუგლეთ, – გუგლით იმართება ქვეყანა. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე რთული არის პირველი 15 წუთი – ყველაზე „საშიში დრო“, 15 წუთი აუცილებლად უნდა იყო დაწესებულებაში. სასურველია შემდეგი 30 -45 წუთიც არ დატოვოთ სამედიცინო დაწესებულება…“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


7 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page