top of page

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი... ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, აღარავის...

08/12/2021

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ.


ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ,,ტვ პირველთან” საუბრობს.


ბატონო გიორგი, ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით ისმის ძალიან ცუდი ამბები ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ზოგს თანხმლები დაავადება არჰქონდა, რითიც თითქოს თავს იმართლებენ ხოლმე. რატომ მივედით აქამდე, რომ ახალგაზრდები იხოცებიან და დამძიმებული პაციენტები კლინიკებში გადაყვანას იხვეწებიან?


– საქართველო გადის იმ ნაბიჯებს, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სამწუხაროდ რასაც არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ექსპერტებიც ამბობდნენ, ხდება დღესდღეობით. ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობების ზღვარი და მე მიკვირს, რომ ასე მაინც ფუნქციონირებს. ეს მთლიანად ექიმების და ექთნების დამსახურებაა, თორემ სისტემა არ მუშაობს. მისი ნგრევა ბოლო 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.


ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაციამ მოიტანა ის, რომ ჯანდაცვა გახდა ბიზნესი და მისი პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ მოგება. ყველა რგოლის დაწესებულება როცა ერთ ადამაინს ეკუთვნის, რაზე ვსაუბრობთ? რა ხარისხის კონტროლზე? მთავარია მოგება. ეს არის ბოლო 20 წლის ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგი და არა დღევანდელობის პრობლემა. ჩვენ უბრალოდ შედეგებს ვიმკით.


ქვეყანას არა აქვს პირველადი ჯანდაცვა. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს? როგორ შეიძლება ეს არ იყოს აღმოჩენილი? ეს სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის არარსებობის ბრალია.


– ზოგ შემთხვევაში პაციენტმა არ იცოდა, რომ ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ექიმი ინფორმირებული იყო პაციენტის თანხმლები დაავადების შესახებ, მაგრამ თუნდაც 19 წლის გოგონასამბავი რომ გავიხსენოთ, ის მშობლებს წერდა, რომ არაფერს უკეთებდნენ. ხომ იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში დღეში 20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხომ შეიძლებოდა ამ დროს თუნდაც კადრების გადამზადება, თუნდაც ექთნების დამატება, რატა ადამიანური რესურსი საკმარისი ყოფილიყო?


– კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან გულახდილად, ჩვენ დღეს ვართ 20 წელიწადი არაადეკვატური, მაფიოზური კლანების მიერ მართული ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. მხოლოდ რაოდენობაზე რომ ვსაუბრობთ, ხარისხს არავინ ახსენებს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მსგავსი არსად არაა. აი თუნდაც სამედიცინო პერსონალის გადამზადება – ეს უნდა იყოს დამსაქმებლების და ამ სფეროში დასაქმებულების ინტერესი პირველ რიგში.


ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ. ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი. საქართველოში 450 საავადმყოფოა, 17 000 საწოლი. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი გვყვავს. მაგრამ არავის უფიქრია საშუალო რგოლის გაძლიერებაზე.


– ამ სიტუაციაში, როდესაც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს ამ ვითარებაზე, თქვენთანაც ხომ არ გამოსულან კონტაქტზე რჩევების მისაღებად? თქვენ ამ სიტუაციაში რას ურჩევთ ხელისუფლებას?


– მე ყოველთვის ვარ ღია ნებისმიერი ინფორმაციის გასაცემად და პირდაპირ ვამბობ ჩემს აზრს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. რა უნდა გაკეთდეს – მკაცრი ჩაკეტვა იყო ნამდვილად გამოსავალი და მეორე- ყველანაირი ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ამ ვითარებას გავუმკლავდეთ და მზად ვიყოთ იმისთვისაც, რაც მომავალში იქნება, რადგან ვაქცინის შემოსვლამდე კოვიდი არსად წავა. ჩაკეტვა ჩაკეტვად, თუმცა იგივე შეცდომის დაშვებას ვაპირებთ, რაც ზაფხულში დავუშვით. საახალწლოდ ყველაფერი იხსნება. მე მესმის, ეკონომიკა, ფულია გასაკეთებელი, მაგრამ ადამიანები არ გეცოდებათ?


-კი მაგრამ, ვაქცინა ხომ უკვე არსებობს და ამნბობენ, რომ აპრილში იქნება ჩვენთანაც.


– მე არ მიყვარს პაციენტის დამშვიდება. მიმაჩნია, რომ მას პირდაპირ უნდა ვუთხრა დიაგნოზი. საქართველო პირდაპირ ფარმაცევტული კომპანიისაგან ვაქცინას ვერ შეიძენს, მან ეს უნდა მოახერხოს “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით, რომელზეც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაცაა დარეგისტრირებული და საქართველო ამ ქვეყნების მსგავსად რიგშია.


პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არ ვართ რიგის სათავეში, ასე რომ გარკვეული დრო ნამდვილად გაივლის იქამდე, სანამ “ჯანმო” ვაქცინას დაამტკიცებს და ის “კოვაქს” პლატფორმაზე გახდება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი საქართველოში შემოვა.


ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ერთ თვეში და ორ თვეში კარგად არ ვიქნებით, ზამთარი უმძიმესი იქნება.


მე არ მესმის, რატომ ეუბნებიან ხალხს, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, როცა რეალურად ივნისამდე სირთულეები იქნება? რასაკვირველია მაჩვენებლები დაიწევს, შემდეგ შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ტალღა, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით მდგომარეობა ივნისამდე არ გაუმჯობესდება. როცა ადამიანებს, იმავე ბიზნესსაც პირდაპირ ეუბნები სიმართლეს, უფრო ადვილია შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, ადამიანების ბანკებთან მოლაპარაკება და ა.შ.

დარჩით სახლში! გადაარჩინეთ თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე! სხვა გამოსავალი არ არის. ვაქცინამდე ჯერ მივიდეთ, იქამდე დრო არის კიდევ. ვირუსის გასაჩერებლად კი ერთადერთი საშუალება დისტანციის დაცვაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სახლში, ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page