09/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა: „რამდენიმე საკითხზე მინდა ვისაუბრო.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მისმენს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემს ლაივებს, როგორც პლატფორმას, იყენებენ და საზოგადოებამდე მიაქვთ ინფორმაცია მაღალპროფესიულ დონეზე, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
დღეს 9 აპრილია, განსაკუთრებით მძიმე და რთული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გაერთიანების დღე, ვინც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ 9 აპრილის იდეამ უნდა გაგვაერთიანოს. 9 აპრილი არის ჩვენი სიძლიერის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო. შენს საქმეს კარგად თუ აკეთებ, ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არ უნდა ავურიოთ სხვა რაღაცაში. აი, იმაში, რაც დღეს ხდება. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ბევრი რამეს, რაც ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკაში, მე, როგორც ადამიანი, ფიზიკურად ვერ ვგებულობ.
მეორე საკითხი: „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ახალ ვებგვერდს ვაკეთებთ, ერთი ქართული კომპანია გვეხმარება. თანმშრომლობის სურვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა, სხვადასხვა მიმართულებით: შშმ პირთა და პაციენტთა უფლებების დაცვა, თამბაქოს კონტროლი, უწყვეტი სამედიცინო განათლება და ა.შ. შემოგვიერთდნენ ექსპერტებიც;
10 დღეში 21 ორგანიზაციამ გამოთქვა აკრედიტაციის გავლის სურვილი, მათგან ხუთ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა;
მესამე საკითხი – ე.წ. ჭიები პირბადეებში. ათასობით ადამიანი მეკითხება. გპასუხობთ,-არანაირი ჭიები პირბადეებში არ არსებობს, ამაზე სერიოზულად საუბარი სირცხვილია.
ერთხელ გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსებს პირში ვუთხარი, – თქვენ ხართ ოკუპანტები და ფაშისტები! 9 აპრილიც რუსული ფაშიზმის გაგრძელებაა. ამ ვიდეობის გავრცელების უკანაც რუსეთი დგას. გეტყვით, რატომაც.
ეშმაკი დეტალებშია, – ინფორმაციები, თითქოს პირბადეებში ჭიებია, რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ კარგია და ა.შ. – ეს რუსული ფაშისტური პროპაგანდაა საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველოში დღეს არის ორი მტერი – რუსეთი და კოვიდი, საქართველოში თანამოქალაქეები ნუ ვებრძვით ერთმანეთს; ჩვენი ურთიერთდაპირისპირება აწყობს რუსეთს! დიახ, რუსეთს აწყობს, – ვიყოთ ურთიერთკინკლაობაში, საქართველოში არ იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა, განათლება, გავრცელდეს უაზრო ვიდეოები, თითქოს პირბადეებში ჭიებია და დავრჩეთ თავდაცვის საშაულების გარეშე; მე ამ ვიდეოების გავრცელების უკან ვხედავ რუსულ სტრატეგიულ გეგმას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, რათა შიგნიდან გაანადგურონ ქვეყანა; ჩვენი ქვეყნის პატრიოტები თუ ვართ, თუ გვახსოვს 9 აპრილი, მაშინ მიტინგი – ეს არ არის გამოსავალი. მუშაობა, აი, ეს არის გამოსავალი! ყველამ აკეთოს თავისი საქმე, – ეს არის გამოსავალი!
ჩვენ თუ გვინდა, პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიმუშაოთ, მთელ მსოფლიოს და ჩვენივე საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძლიერები და შეგვიძლია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო! ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ განათლებას, ძლიერ ჯანდაცვას! ამისკენ უნდა წავიდეთ! როცა იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საკვები, ეს იქნება შემდგარი სახელმწიფო! არც ერთი უცხოელი, არც ერთი დონორი და არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია!
მე, გიორგი ფხაკაძე, არ ვეთანხმები იმ სიტუაციას, რაც ხდება ქვეყანაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაინტერესებს პოლიტიკა , მე ვარ საქართველოს ერთი მოქალაქე, მიყვარს ჩემი ქვეყანა! მე ჩემი სამსობლოსთვის ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რაც შემიძლია გავაკეთო! ვხედავ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება გამართვა, ხარისხის გაუმჯობესება, დავაფასოთ ჩვენი პროფესიონალი ექიმების, ექთმების, სანიტრების კოლოსალური შრომა და თავდადება. მე მთელ ენერგიას, მთელ ჩემს გულს ვდებ ამ საქმეში! ამას ვაკეთებ თქვენთან ერთად!
მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარული! ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რაც შეგვიძლია, რაც გამოგვდის და ამით გვიყვარდეს საქართველო! საქმით გვიყვარდეს საქართველო!
9 აპრილი 9 აპრილს არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება. დღესაც 9 აპრილია, ხვალაც 9 აპრილი იქნება, ჩვენთან 9 აპრილი არის ყოველი დღე, რადგან ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს არის პროცესი, ჩვენ ჩვენი შრომით და ბრძოლით დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ! როცა მიდიხართ სამსახურში და თქვენს საქმეს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებთ, თქვენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვით! როცა თქვენს საქმეს აკეთებთ სიყვარულით და პროფესიონალურად, ამით სახელმწიფოს აშენებთ და აძლიერებთ! აი, ამ დროს ვერ მოგვერევა მტერი! ნებისმიერი სამუშაო, ნებისმიერი საქმე, რომელსაც კარგად შეასრულებთ, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ქვეყნის სიყვარული! ეს სხვისი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, გამოსავალი ჩვენს ხელშია! უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, სხვა გზა არ არსებობს!
კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რითაც შეიძლებოდა შეკავება, გაწყდა! დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით! ჩემო კოლეგეო, ექიმებო, ექთნებო, სანიტრებო, საავადმყოფოს ტექნიკურო პერსონალო, მოემზადეთ!- მომავალი ორი კვირა ძალიან მძიმე იქნება, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებებეი, პირბადეები. გაუფრთხილდით თავს, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე ხართ! თქვენ თუ გახდებით ავად, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის გარეშე დარჩება. თქვენ ხართ ახლა მთავარი! ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენს გულს და თქვენს პროფესიონალიზმს! თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი, ეს არ ნიშნავს, დაცულები ხართ, არ უნდა იაროთ პირბადის გარეშე.
საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი! ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?! სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!
მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ! იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments