top of page

მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს “გუგლის” მეშვეობით! – არ დაგიმალავთ, პრემიერმა ეს მიპასუხა ხარისხზე…”

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


– დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკასაც არ აქვეყნებს, არავინ იცის, რის მიხედვით, რაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს.


– შეგიძლიათ დაწეროთ, პირდაპირ ვიტყვი, დაავადებათა კონტროლის ცენტრს როდესაც ვთხოვე კონკრეტული სტატისტიკა, პასუხი არ მიმიღია. ამ პასუხს ითხოვენ მოქალაქეები, მე კი არ მჭირდება მარტო. ეს სტატისტიკა უნდა იყოს ვებ.გვერდზე. ნება იბოძონ, გამოაქვეყნონ! გვეუბნებიან, დავიღალეთ, ბევრი სამუშაო გვაქვსო…


ეს მაგათი სამუშაოა, მაგათი ვალდებულებაა, რომ სტატისტიკა დადონ. საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელ მეცნიერთა გუნდი, რომელიც მისცემს მთავრობას რეკომენდაციას! ვინ იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში? – დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მათთან აფელირებული ვიღაცები, დაქალები, ბიძაშვილები, ნათესავები, აი, ეს არის…


დამესევიან ახლა კიდევ ერთხელ, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიამ პანდემიის დროს თავისი თავის დისკრედიტაცია გვაჩვენა, როცა პირიქით, ის უნდა ყოფილი ცენტრალური ორგანო, რომელიც ყოველ 2 კვირაში ერთხელ გააკეთებდა განაცხადს, რა არის გასაკეთებელი, მისცემდა მთავრობას რეკომენდაციებს.


– დავიწყოთ იმით, რომ მეცნიერები ერთხელ ჩარეცხეს, მერე კი უბრალოდ აიგნორებენ – მეცნიერების შრომის პროპაგანდა არ ხდება, მეცნიერების გამოყენება არ ხდება. სტატისტიკაც კი არ გვაქვს, რაზე დაყრდნობით უნდა ისაუბროს მეცნიერმა?


– კი, მაგას ვამბობ – მე ვარ მეცნიერი. შევედი მეცნიერებათა აკადემიის ვებ გვერდზე, ვერაფერი ვერ გავიგე, ვის დავუკავშირდე, ისიც ვერ გავიგე. მეცნიერებათა აკადემიას სჭირდება რეორგანიზაცია. საფრანგეთში რეკომენდაციას გახსნასა და დაკეტვაზე პრეზიდნეტს აძლევს მეცნიერებათა აკადემია! მეცნიერებათა აკადმიის რეფორმა გვჭირდება, ან აღიარონ, რომ არ არის საქართველოში მეცნიერებათა აკადემია.


მეცნიერებათა აკადემიამ უნდა ამოიღოს ხმა! დააფიქსიროს ღია პოზიცია, გვითხრას, დარგობრივი კომიტეტი რატომ არ შეიკრიბა? ყველა, ვისაც აქვს სადოქტორო დაცული, ყველა, ვინც მეცნიერია, გინდ საქართველოში, გინდ საზღვრებს გარეთ, ხომ შეიძლება შეიკრიბოს? დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. შევიკრიბოთ, ვისაუბროთ, მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია, თორემ…


საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას „გუგლის“ მეშვეობით! დაგუგლავენ რაღაცას და იტყვიან, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებასო, ეს არ არის მეცნიერული გადაწყვეტილება. პრობლემაა ასევე ხარისხის კონტროლიც, რომელიც საერთოდ არ გვაქვს ქვეყანაში. რომ არ დაგიმალოთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, პრემიერს ვუთხარი, რომ ხარისხის პრობლემაა ქვეყანაში, რაზეც მიპასუხა, კი, ზოგადად ქვეყანაში ხარისხის პრობლემააო! არადა, საქმე რაოდენობაში კი არ არის, ხარისხშია, ზუსტადაც ხარისხში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.


– გუგლზე გამახსენდა, ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ევროპაში ზამთრის კურორტები ყველგან დაკეტილია, დაგუგლეთო და მე არ ვიცი, თავად რა დაგუგლა, მაგრამ თუ მაქვს საშუალება, თქვენ გკითხოთ, რატომ უნდა დავგუგლო – არის ქვეყანა, სადაც ზამთრის კურორტები ღიაა?


– კი, შვეიცარიაში. მთელ ევროპაში ზამთრის კურორტები პრაქტიკულად დაკეტეს და ცოტა არ იყოს, გაბრაზებულნი იყვნენ, შვეიცარიამ რომ არ დაკეტა. გახსნას გააჩნია. ზოგი კურორტი გახსნილია, მაგრამ ზოგან „კანატკაა“ დაკეტილი, ზოგან რესტორანი და საპირფარეშო. სრიალის მერე ყველა უნდება დალევა, ჭამა – პრაქტიკულად, არ არის ადგილი, სადაც შეიძლება დაჯდე მერე.


– ხშირად სვამენ კითხვას, რატომ არის საბაგირო საშიში ვირუსის გავრცელების კუთხით?


– შარშან ვირუსი როგორ და საიდან გავრცელდა? იტალიიდან და ავსტრიიდან, მაგრამ როგორ? ევროპელები წავიდნენ ზამთრის კურორტებზე სასრიალოდ და იტალიიდან წამოიღეს ვირუსი. როცა რესტორანი და საბაგირო გაქვს ღია, უბიძგებ, რომ მეტი დამსვენებლი ჩავიდეს. რესტორანი რომ ჩაკეტო მხოლოდ, ის ხალხი შეიკრიბება თავიანთ ოთახებში, იქ შეჭამენ და იქ დალევენ. საფრანგეთი რატომ იკეტება 6 საათზე?


იძახიან საქართველოში იკეტება 9 საათზეო და წარმოგიდგენიათ 6 საათზე ჩაკეტილი პარიზი? – ამას აკეთებ იმიტომ, რომ ხალხი არ შეიკრიბოს ზედმეტად, არ წავიდნენ სტუმრად და არ ივახშმონ სხვებთან ერთად – ჭამისას და შეკრებისას გადადის ყველაზე მეტად ვირუსი. ვაქცინაცია საქართველოში დაიწყება 2021 წელს, მაგრამ თუ ავცარით მოსახლეობის 20 პროცენტი, ეს იქნება დიდი წარმატება, მე პირადად, ეჭვი მეპარება, რომ 20 პროცენტის აცრაც კი მოვახერხოთ.


– ანუ, როცა გვეუბნებიან, რომ 60 პროცენტს აცრიან წლის ბოლომდე, ტყუილია?


– ვერ აცრიან, არ არის ამდენი ვაქცინა. სად არის ამდენი ვაქცინა?


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page