19/07/2021
თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.
– ბატონო გიორგი, თქვენ ყოველთვის აფრთხილებდით ხელისუფლებას და ხალხს, რომ მეოთხე ტალღა იქნებოდა მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მკაცრად გააკრიტიკეთ შეზღუდვების ერთიანად მოხსნა. თუმცა, ამბობდით, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოდან უნდა ველოდოთ. ახლა საქმე იქეთ მიდის, რომ უკვე დაიწყეს შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი და უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მეოთხე ტალღის ნიშნებს ხედავენ, რისი ბრალია ეს?
– მავნებლები არიან, სხვა სიტყვა არ მაქვს. მეოთხე ტალღას მთელი ევროპა ელოდება სექტემბერში, შეცვალა ევროპაში ყველა დაგეგმილი ღონისძიება (ჯანდაცვის კუთხით) ამ ვირუსმა. ახალი, დელტა შტამი აღმოჩნდა ბევრად ვერაგი, ვიდრე ველოდით და დავდექით ახალი რეალობის წინაშე. თუ გვქონდა აქამდე დაახლოებით 14-მდე ვაქცინის იმედი, ახლა დაგვრჩა ეფექტური მხოლოდ ორი – ფაიზერი და მოდერნა. გგონიათ, მიხარია ამის თქმა? სულაც არა, მაგრამ ასეა, სამწუხაროდ.
ჩვენ ვფიქრობდით და დელტა შტამი არ შეგვეკითხა, ისე მოვიდა. კარგა ხნის წინ ვამბობდი, რომ კოვიდთან ერთად მოგვიწევდა ცხოვრება. ჯერ კიდევ, მესამე ჩაკეტვის მერე ვთქვი, რომ აღარ ვიყავი ჩაკეტვის მომხრე, რა იცვლება ამით? ვკეტავთ, ვხსნით და არაფერს ვსწავლობთ, არ ვემზადებით…
– რამდენიმე კლინიკამ თქვა, რომ სახელმწიფომ გააუქმებინა კოვიდგანყოფილება, დაათხოვნინა პერსონალი და სწორედ ამიტომ, დრო დაიკარგა, სანამ პერსონალს თავიდან აიყვანდა და გადაამზადებდა კლინიკას…
– კლინიკებზე ნუ მელაპარაკებით, წუწუნებენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რამდენი ფული იშოვნეს, ვისაუბროთ ექიმებზე და ექთნებზე, რამდენია მათი ხელფასი? მიდით, ნახეთ, რამდენი თანამშრომელია კოვიდგანყოფილებაში და მერე იკითხეთ, რამდენია მათგან ინფიცირებული, 50 პროცენტი დაგხვდებათ ინფიცირებული…
ჟანგბადის პრობლემა მოიხსნა ასე, თუ ისე, ჩემი ყვირილის შემდეგ, აზოტის ქარხანა გვაქვს და იმუშავებს, როგორც შემატყობინებს და ძალიან კარგია, მაგრამ ახლა გვჭირდება მოწყობილობა, რითიც ამ ჟანგბადის ბალონებს პაციენტებს მივაწვდით, არც ეს მოწყობილობები უყიდიათ… ჩემი მეგობრის ოჯახის წევრია ინფიცირებული და 18 ივლისს, თბილისში საწოლი ვერ ვიშოვეთ, გადავსებული იყო. გადავსებულია პედიატრიული განყოფილებები.
გარდა დელტა შტამისა, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა, დელტა+ შტამი, რომელიც რუსეთშია გავრცელებული. ისიც გამოირჩევა სივერაგით გავრცელების კუთხით. ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი… ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ.
როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია? მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.
– და მაინც, თუ არჩევანში მაქვს ორი ჩინური ვაქცინა, სინოვაკი და სინაფარმა, რომელი სჯობს?
– ფაიზერი! ჩინურ ვაქცინას რომ დაბალი აქვს დაცვა, ეს უკვე მგონი ბავშვმაც კი იცის. გადავხედოთ ისევ მაგალითებს: ტაილანდი – არ აქვს ფაიზერის ვაქცინა, თავად ქვეყანაში აწარმოებს ასტრაზენეკას, გადაწყვიტა ჩინური ვაქცინის დოზებიდან 4 კვირის შემდეგ, მოსახლეობას გაუკეთოს ასტრაზენეკას ვაქცინა და უკეთესი შედეგი მიიღო, მთლად კარგი ვერა, მაგრამ უკეთესი; სინგაპური – ჩინური ვაქცინებით ატარებდა ვაქცინაციას, ამოიღო ჩინური ვაქცინა და გადავიდა ფაიზერზე; ბაჰრეიმი – მესამე დოზას აკეთებს ფაიზერს. ჩინური ვაქცინები, რა თქმა უნდა, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, მაგრამ დაბალი პროცენტით, სამწუხაროდ.
საქართველო ყველაფერს აკეთებს 7-8 თვის დაგვიანებით, მთელ მსოფლიოში აიკრძალა რემდესევირი და საქართველოში ისევ ექსპერიმენტებს აკეთებენ ამ წამლით. გამოდით და თქვით, ხალხნო, გვიჭირს, ღარიბი ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ახლა ფაიზერი, ამიტომ, მოდი, ჯერ გავიკეთოთ ჩინური ვაქცინა და მერე მესამე დოზა ფაიზერი, თქვი სიმართლე, რომ გაჭედილები ვართ… ვთქვათ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ…
მე ჯერ კიდევ 2020 წელს ვთქვი, რომ ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნების სიაში, სადაც უნდა ვიყოთ და დამცინეს მაშინაც და მლანძღეს… ახლა რა შედეგს ვხედავთ? უკრაინამ უკვე მიიღო ვაქცინა და ჩვენ ვერა, რატომ? იმიტომ რომ უკრაინა იყო იმ სიაში და ჩვენ არა. უკრაინა უფრო ღარიბია, ვიდრე საქართველო? ეს არის არაპროფესიონალიზმი.
– საუბრობენ, ლამბდას შტამზეც ასევე, ეს რით გამოირჩევა?
– ახალი და ახალი შტამები ისევ და ისევ იქნება, მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ სირაქლემას პოზაში და თვალი გავუსწოროთ რეალობას, ვიცოდეთ, რა რესურსი გვაქვს, წამლის, ვაქცინის, ექიმების და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით. გარდა მაგ შტამისა (ლამბდა), არის აგრეთვე ინდოეთში კიდევ 2 ახალი შტამი, კალიფორნიული შტამი, ნიუ-იორკის შტამი და ა.შ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ვირუსი გამოიპარა ვუჰანის ლაორატორიიდან.
ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი ბუნებრივი ვირუსის შეჯვარებით მიღებული ვირუსი. ჩინეთს მოუწევს ამაზე პასუხის გება. მოუწევს პასუხი აგოს ამდენ სიცოცხლეზე, ამდენი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაზე. სწორედ ამიტომ ცდილობს ახლა რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მისცეს ვაქცინა, რომ მერე უთხრას, მე ხომ მოგეცი ვაქცინა, ახლა ხომ აღარ მიჩივლებ?
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments