top of page

ჭარბწონიანობის მიზეზი გამოავლინეს - მასშტაბური კვლევის მიგნებები

23/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი


ნაშრომის მიხედვით, შესაძლოა, წონის კლებისთვის ნახშირწყლებისა და ცხიმების ერთიანად შემცირება უფრო იყოს ეფექტიანი, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთისთვის თავის დანებება. ფრუქტოზა რაციონში საკმაო რაოდენობითაა, ამიტომ ეს არც ისე მარტივია.


როგორც ნაშრომის ავტორები წერენ, პრაქტიკულად ყველა ჰიპოთეზა უსვამს ხაზს, რომ რაციონში უხარისხო საკვების ("junk food") რაოდენობა უნდა შემცირდეს. მეორე მხრივ, აქამდე გაურკვეველი იყო, რის შემცირებაზე უფრო უნდა ვიყოთ ორიენტირებულები: შაქრის, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების, ცხიმების თუ პოლიუჯერი ცხიმების; ერთ-ერთი ვარიანტია უბრალოდ მეტი ცილის მიღებაც.


ფრუქტოზა შაქრის სახეობაა, რომელიც ხილში ბუნებრივად გვხვდება. ვაშლის, ბანანისა და სხვა პროდუქტების მიღება დიდი პრობლემა არ არის, რადგან ფრუქტოზას მათში არსებული ვიტამინები და ბოჭკო აბალანსებს. სხეული ცოტაოდენ ფრუქტოზას ნახშირწყლებისგან და მარილიანი საკვებისგანაც წარმოქმნის.


მეორე მხრივ, როცა საკვებს დამატკბობლებს (შაქარი, სიროფი და ა. შ.) ვუმატებთ, რაციონში დიდი რაოდენობის ფრუქტოზა შეიძლება დაგროვდეს სწრაფად. ხშირად ეს ისე ხდება, რომ ვერც კი ვიაზრებთ.


მკვლევრებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს ყველა ის ფაქტორი, რომლებიც გადაჭარბებულ სიმსუქნეს უწყობს ხელს. დადგინდა, რომ სხეულში ფრუქტოზის მეტაბოლიზმი ნაერთის, სახელად ადენოზინტრიფოსფატის (ATP), დონის შემცირებას იწვევს. ATP უჯრედული პროცესებისათვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს.


როცა ATP-ის დონე საკმარისად მცირდება, სხეულისათვის ეს ერთგვარი ნიშანია, რომ დამატებითი "საწვავი" ესაჭიროება. ეს შიმშილის გრძნობას იწვევს, ამიტომაც ვჭამთ.


მკვლევრები ამას ფრუქტოზასთან დაკავშირებულ გადარჩენის ჰიპოთეზას უწოდებენ. იგი სხვადასხვა თეორიას აერთიანებს სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით — იმათაც კი, რომლებიც ძალიან შეუთავსებელი ჩანს, თუნდაც ცხიმის გავლენა ნახშირწყლების გავლენის საპირისპიროდ.


„არსებითად, ეს თეორიები, რომლებიც ჭარბწონიანობის ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებად მეტაბოლურ და რაციონთან დაკავშირებულ ფაქტორებს ასახელებს, თავსატეხის ცალკეული ნაწილებია, რომელთაც ბოლო ნაწილი აერთიანებს: ფრუქტოზა", — აცხადებს დოქტორი რიჩარდ ჯონსონი, კვლევის ხელმძღვანელი — „ფრუქტოზა უბიძგებს ჩვენს მეტაბოლიზმს, რომ დაბალი ენერგიის რეჟიმში გადავიდეს და მადაზე კონტროლი დაკარგოს, მაგრამ ცხიმიანი საკვები ხდება კალორიების მთავარი წყარო, რომელიც წონის მატებას უწყობს ხელს".


დაბალი ენერგიის რეჟიმი მაშინაც კი აქტიურდება, როცა "საწვავის" რეზერვები ხელმისაწვდომია — მაშინაც კი, როცა დაგროვილი ცხიმის სახით უამრავი ენერგიაა ხელმისაწვდომი, ფრუქტოზა სხეულს მისი გამოყენების საშუალებას მაინც არ აძლევს.


ზოგიერთ შემთხვევაში ეს ცუდი სულაც არაა. მაგალითად, დათვები გამოზამთრებამდე ბევრ ხილს იღებენ და ცხიმის მარაგს იცავენ. მეორე მხრივ, ადამიანებისათვის შაქრიანი საკვებისა თუ სასმლის მიღებას გადამეტებამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას იწვევს.


ამის ზუსტი მექანიზმის გამოსავლენად დამატებითი კვლევებია საჭირო, რადგან ფრუქტოზას მოქმედება უმეტესად ცხოველებზეა შესწავლილი. მეორე მხრივ, მიგნებები ჯანმრთელობის მზარდი კრიზისის საპასუხოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





537 views0 comments

תגובות


Post: Blog2_Post
bottom of page